გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება...

სურათი

ჩვენ ვირჩევთ ბსუ-ს

მარი წინწკილაძე, ნინი კომახიძე და ლიკა როყვა აბიტურიენტები არიან. ორ დღეში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მათ არჩევანი ბევრი ფიქრის გარეშე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერეს. მომავალი პედაგოგები იმედოვნებენ, რომ ბსუ აუცილებლად გახდება მათი წარმატების საძირკველი. ისინი ჩვენი უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად გაცვლით პროგრამებში მოწინავეობას მიიჩნევენ.

მარი წინწკილაძემ ფერიის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა. წარმატებული მოსწავლე, გარდა სხვადასხვა სასკოლო აქტივობისა, ინტელექტუალური თამაშისა, თეატრალურ ღონისძიებებშიც ღებულობდა მონაწილეობას. მარიმ სწავლა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით გადაწყვიტა:

„სპეციალობის არჩევაში ჩემზე გავლენა მოახდინა ინგლისური ენის რეპეტიტორმა, მისმა სწავლების მეთოდებმა. რა თქმა უნდა, მეც ინტერესი ინგლისური ენის მიმართ გამაჩნია. რატომ ბსუ? _ პრიორიტეტი ის არის, რომ ჩემს ქალაქშია. ასევე, ვფიქრობ, პროფესიონალი  კადრებით არის დაკომპლექტებული, წარმატებით ახორციელებს არაერთ გაცვლით პროგრამას, რაც იმის მანიშნებელია, რომ სტუდენტის განვითარება და წარმატება გარდაუვალია ამ უნივერსიტეტში. ჩემი სტუდენტობის წლები აუცილებლად იქნება აქტიური და ნაყოფიერი, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული. წლების შემდეგ იმედია ვიქნები ბსუ-ს ერთ-ერთი თანამშრომელი აკადემიურ თანამდებობაზე“.

18 წლის ლიკა როყვამ ბათუმის პირველი საჯარო სკოლა დაასრულა:

„მონაწილეობა მიღებული მაქვს არაერთ ოლიმპიადასა და სასკოლო ღონისძიებაში, რაც დაგეგმილი იყო კერძო პირებისა თუ სახელმწიფოს მიერ. ჩემი სამომავლო პროფესია ინგლისური ფილოლოგიაა. მე ბსუ ავირჩიე, რადგან როგორც ვიცი, მრავალი გაცვლითი პროგრამა აქვს, რაც ხდის მას სხვებისგან გამორჩეულს და რაც მთავარია, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ უდიდესი გამოცდილება. აღვნიშნავ იმასაც, რომ კვალიფიციური კადრების დახმარებით სწავლების მაღალი სტანდარტია, კარგი გარემოა შექმნილი, ბევრი პროგრამა ხორციელდება, უცხოეთიდან იწვევენ სპეციალისტებს და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სტუდენტობის წლები უამრავ სასიამოვნო მოგონებას დამიგროვებს. 10 ან 20 წლის შემდეგ საკუთარი თავი წარმომიდგენია ისეთ გარემოში, სადაც შევძლებ ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო“.

ნინი კომახიძემ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა. ამბობს, რომ საკმაოდ აქტიური მოსწავლე იყო. განსაკუთრებით იხსენებს სატელევიზიო პროექტ „ეტალონსა“ და ინტელექტუალურ  თამაშში - „ რა, სად, როდის“ მიღწეულ წარმატებებს.

„მე ვირჩევ ინგლისურ ფილოლოგიას და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არჩევანი ჩემმა ინგლისური ენის მასწავლებელმა, მისგან წამოსულმა ინსპირაციამ და ჩემმა ამ სფეროსადმი დიდმა ინტერესმა  განაპირობა. ძალიან მიყვარს ინგლისური ენა და მსურს, რომ ის უფრო ღრმად და საფუძვლიანად შევისწავლო. როცა ჯერი უნივერსიტეტის არჩევაზე მიდგა, ბევრი არც მიფიქრია. პირველ რიგში ბსუ იმიტომ ავირჩიე, რომ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული.  გეოგრაფიული მდებარეობაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ვისწავლო ამ უნივერსიტეტში. ასევე მსმენია, რომ ბსუ საქართველოს მასშტაბით მოწინავე ადგილზეა გაცვლითი პროგრამების მხრივ და ვიმედოვნებ, რომ ჩემი მონდომებითა და შრომით, ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილეც გავხდები.

კარგი მოლოდინები მაქვს... ველოდები წარმატებულ, ბედნიერ და პროდუქტიულ სტუდენტობას. ჩემი სტუდენტობის წლები სწავლით დატვირთული, თუმცა სასიამოვნო ემოციებით დახუნძლული წარმომიდგენია. დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ წარმატებული და კონკურენტუნარიანი კადრი ვიქნები“, _ ამბობს ნინი.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ თითოეულ აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას უსურვებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა