გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

დასრულებული საგრანტო პროექტი და დაგეგმილი სამომავლო თანამშრომლობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთი საგრანტო პროექტის პარტნიორია. ამჯერად, ნორვეგიის ტექნოლოგიურ და მეცნიერებათა უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი, იბრაიმ დიდმანიძე გვესაუბრება.

_ ბატონო იბრაიმ, გთხოვთ ისაუბროთ საგრანტო პროექტის შესახებ. როდის გაფორმდა და რა არის მისი მიზანი?

_  პროექტი CPEA-LT-2016/10003 „გლობალური ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი ცვლილებებით გამოწვეული კვლევებზე დაფუძნებული  ორიენტირებული განათლება ინდუსტრიისა და მომსახურების რისკის  მართვაზე", ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (ტრონდჰეიმი) შორის გაფორმდა 2018 წელს. მისი მიზანია, უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს, ავსტრიისა და ნორვეგიის უნივერსიტეტების მდგრადი ქსელის განვითარება. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს ერთმა მაგისტრანტმა ნორვეგიაში ისწავლა.

_ საშემოდგომო სკოლის მუშაობის პროცესში, ძირითადად რომელ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება მონაწილეებმა?

_ აღნიშნული გრანტის ფარგლებში, 2022 წლის 21-26 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „ნორვეგიულ-ქართულ-ავსტრიულ-მოლდავურ-უკრაინული საშემოდგომო სკოლა ინოვაციებისა და რისკების მართვის შესახებ“. მონაწილეებმა ყურადღება ძირითადად გაამახვილეს შემდეგ აქტუალურ საკითხებზე: ეკოლოგია და რისკი, აკადემიური მობილურობა, როგორც განათლების ინტერნაციონალიზაციის საფუძველი და მასთან დაკავშირებული რისკები, თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციები და ინოვაციები პროექტ CPEA-LT-2016/10003-ის ფარგლებში, სწავლების ინოვაციური მეთოდები უმაღლესი განათლების სისტემაში, ინოვაციების თეორია, ინოვაციური პროექტები და სტარტაპები, ინოვაციური მენეჯმენტი, სტოქასტური წონასწორობის ამოცანების ამოხსნა ენერგიისა და ინტერნეტის აპლიკაციებით, საინოვაციო პროცესების სისტემური ანალიზი და სხვა. ვფიქრობ, საშემოდგომო სკოლამ ბევრ აქტუალურ საკითხს გასცა პასუხი.

თქვენ, როგორც საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი, როგორ შეაჯამებდით მას?

_ შემიძლია ვთქვა, რომ ნორვეგიულ-ქართულ-ავსტრიულ-მოლდავურ-უკრაინულმა საშემოდგომო სკოლამ თავისი მისია  ბრწყინვალედ შეასრულა. ბათუმს ეწვია ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი _  როგორც პროფესორები,  ასევე სტუდენტები. ჩვენმა სტუდენტებმაც დაამყარეს მეგობრული ურთიერთობა ექვსი ქვეყნის წარმომადგენელ თანატოლებთან. ისინი აუცილებლად გააგრძელებენ ურთიერთთანამშრომლობას. სკოლის მუშაობის პროცესში, ერთობლივად განვიხილეთ ბევრი აქტუალური საკითხი. პარალელურად, ვმუშაობდით ონლაინ ფორმატითაც. შესაბამისად, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა, დისტანციურად ჩაერთო. ვფიქრობ, ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ ვიმსჯელეთ...   საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: უკრაინის, მოლდოვის, ნორვეგიის და საქართველოს უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობა და განვითარება, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავება, სტუდენტთა მობილობის ორგანიზება, ევროპის პარტნიორ ორგანიზაციებში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა, შესწავლა და კვლევითი მუშაობის კოორდინაცია. მიმდინარე წლის დეკემბერში, საგრანტო პროექტი ოფიციალურად დასრულდა.

_ სამომავლოდ რა ტიპის თანამშრომლობაა დაგეგმილი მხარეებს შორის?

_ ჩვენ, ყველა მხარე, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას. გვექნება ერთობლივი სტატიები, ერთობლივად კონფერენციებში მივიღებთ მონაწილეობას.

წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებას.

ქართული კულტურის როლი უკრაინის ისტორიაში

  „ქართული კულტურის როლს უკრაინის ისტორიაში განაპირობებდა ქართველ მისიონერთა სასულიერო მოღვაწეობა და საქართველოს გეოგრაფიული საზღვრების სიახლოვე ქრისტიანულ ბიზანტიასთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან. ამ უკანასკნელს არ შეეძლო გარკვეული ურთიერთზემოქმედება  არ მოეხდინა ამ ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობაზე, მით უფრო რომ IX-XII საუკუნეები როგორც უკრაინის, ისე საქართველოს კულტურის ისტორიაში ოქროს ხანად არის წარმოდგენილი. ქართული კულტურა უკრაინაში ორი გზით ვრცელდებოდა 1. შავიზღვისპირეთის მიწები @2. ქართული კულტურის კერები ათონზე (ივერიონი) და პეტრიწონი ბულგარეთში. სწორედ სამონასტრო რელიგიურ საგანმანათლებლო გზით ვრცელდებოდა ქართულო კულტურა აღნიშნულ რეგიონებში.  1094 წლით დათარიღებულ პეტრიწონის სააღაპო წიგნში მოხსენიებულნი არიან ,,სლავყოფილები” და მათ შორის უკრაინელები. უკრაინული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ხშირ შემთხვევაში ქართულის იდენტურნი არიან. უკრაინული ,,კოლიადა” – სახალხო დღესასწაული, სიმღერით კარდაკარ სიარული გვახსენებს ქართულ სანახაობა- ალილოს, რომელიც წმინდა ღვთაების საპატივცემულოდ იმართებოდა. საქართველოში,  კერძოდ  აფხაზეთსა და გურიაში შემორჩენილია ახალი წლის აღნიშვნა ძველი სტილით 14 იანვარს, რომელსაც ,,კალანდას“ უწოდებენ. ხარკოვის არქეოლოგიურ კოლექციათა გამოფენაზე წარმოდგენილი თიხის ქოთნები ქართულს არა მარტო ფორმით ჰგავენ, არამედ ასევე შესრულების ტექნიკით. აღნიშნული ხელოვნების ნიმუშების იდენტიფიკაცია ხდება ორნამენტის თვალსაზრისითაც. დღევანდელ ქართულ ყოფით კულტურაში უკრაინული ,,კოლიადას” მსგავს დღესასწაულს წარმოადგენს ,,ბერიკაობა და ყეენობა“. უკრაინული სიმღერის ,,ეი დოლოვ დოლოვ” მსგავს ფორმას წარმოადგენს ქართული გუნდური სიმღერა ,,ო დელია დელია”. უკრაინაში წესად აქვთ მშობელთა სულის მოსახსენიებლად გამომცხვარი პირველი ბლინის დადება ფანჯრის რაფაზე. საქართველოში მსგავსი ფორმით შემორჩენილია Uუძველესი წეს-ჩეულება ,,ჩიტის ფაფა“-საკენკი, რომელიც კეთდებოდა მარცვლეულისგან. ქართველები მიცვალებულთა სახელზე ფაფას დგამდნენ სახლის სახურავზე ჩიტების გამოსაკვებად. (იხ.патриарх кирион ,, культурная роль иверии в истории руси“ Санкт-Петербург 1898 გვ. 57) უკრაინელებს აღდგომის დღეასასწაულზე წესად აქვთ სასაფლაოზე გასვლა, მიცვალებულთა საფლავზე წითელი კვერცხის გადაგორება.  რუსულ ისტორიულ წყაროში ,,Повесть временных лет“ აღნიშნულია  შემდეგი: ,,в киеве нача первые княжити, откуда русская земля стала есть“. დნეპრის მიდამოებში მცხოვრები სლავების რუსების წინაპრებად მიჩნევა არ ხერხდება. ამ ისტორიულ ძეგლებში მოხსენიებული სლავები ბალკანეთის სლავები ჩანან. გიორგი ხუცეს მონაზონის   თხზულებაშიც ,,სკლავი“ დუნაის აუზში მცხოვრებ სლავებს უნდა ნიშნავდეს, ათონელი ქართველებისთვის ბალკანეთში მცხოვრები სლავები  უფრო ,,ბორღანალ“-ად არიან ცნობილნი.(იხ. იასე ცინცაძე ,,ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან X-XVI სს. თბილისი 1956 გვ. 57)

,,სკლავ“ ტერმინში ათონელი ქართველები ბულგარელებს გულისხმობდნენ.   გიორგი ხუცეს მონაზონის ნაშრომიდან არ ჩანს, განასხვავებდნენ თუ არა ათონელები ბალკანეთის სლავებს აღმოსავლეთ ევროპის სლავებიდან, თუ უკანასკნელნი მათთვის მხოლოდ რუსებად იყვნენ ცნობილნი. კიევის მონასტრის მოღვაწის ანტონის ცხოვრებიდან ჩანს, რომ იგი თავდაპირველად ათონის მონასტერში ყოფილა და კურთხევაც იქ მიუღია. მდინარე დნეპრის შავი ზღვის შესართავთან ცნობილი იყო ქალაქი ოლეშია. აქ მოხსენიებულ მენავეებს შორის უკრაინელებთან ერთად იგულისხმებიან ქართველებიც.  უკრაინას საქართველოსთან აკავშირებდა ორი გზა, კერძოდ დნეპრი-შავი ზღვა და  კავკასიონი-ყივჩაღეთი-დნეპრის ჭორომები, 

Kკიევის მღვიმეთა მონასტრის მამათა ცხოვრება გვაწვდის ყველაზე ადრინდელ ცნობებს ქართველების და უკრაინელების  კულტურული ურთიერთობების შესახებ. XI საუკუნის მიწურულს. ფერწერის ქართველი ოსტატები ბერძენ ოსტატებთან ერთად კიევის ლავრის მთავარი ტაძრის მოსახატავად ყოფილან მიწვეულნი. Kკიევის დიდი მთავრის იზიასლავ მტისლავისძის ქართველი მეფის ასულზე დაქორწინების ამბავი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ არა მარტო ამ ორი ქვეყნის დინასტიების დანათესავების ფაქტი, არამედ იმ დროს საქართველოს და უკრაინას შორის არსებული სამიმოსვლო, სანაოსნო გზა, კერძოდ კიევი-დნეპრი-შავი ზღვა. ქართულ-უკრაინული ისტორიული წყაროების (ქართლის ცხოვრება, კიეველი მემატიანე, ვოლინელი მემატიანე) საფუძველზე დადგენილია ქართველი და უკრაინელი ხალხის საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი  ბრძოლის დამადასტურებელი ფაქტები. ასევე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ევროპელ მოგზაურთა ცნობები ( პიეტრო დელა-ვალე, არქანჯელო ლამბერტი, ჟან-ბატისტ ტავერნიე და სხვები.) პიეტრო დელა-ვალეს 1627 წლის მოხსენებითი ბარათი რომის პაპის ურბან მერვისადმი გვაუწყებს, რომ მას შემდეგ რაც თურქეთის სახელმწიფომ XVI საუკუნეში შავი ზღვის სრუტეები ჩაიგდო ხელთ, აბრეშუმი საქართევლოდან დნეპრის გზით გადიოდა პოლონეთის სახელმწიფოში. ევლია ჩელების თანახმად, XVII საუკუნის შუა ხანებში დონის კაზაკები ანატოლიის სანაპიროზე ერთ-ერთი საზღვაო ლაშქრობის დროს თავს დაესხნენ ბათუმთან მდებარე ციხე-ქალაქს გონიას და გაჟლიტეს იქ მყოფი თურქები.   ანტიოსმალური მისწრაფებანი მყარ საფუძველს წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულებისთვის უკრაინის კაზაკებთან მეგობრული პოლიტიკური ურთიერთობების დასამყარებლად. იტალიელი პიეტრო დელა-ვალეს მოგზაურობაში საგანგებოდ არის აღნიშნული გურიელისა და დადიანის ურთიერთობა უკრაინელ  კაზაკებთან. მათ უკრაინელებისთვის ოქროს პატარა ჯვრები გაუგზავნიათ და თურქებთან ბრძოლის დროს ტერიტორია და კავშირი შეუთავაზებიათ. რუსეთის მეფე პეტრე პირველის მიერ შვედებთან დადებული 1721 წლის ნიშტადტის ზავით სპარსეთის აბრეშუმი, საქართველოზე გამოვლით, უკრაინის გზით ევროპაში სულ მცირე დროში აღწევდა. საქართველოში აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა ცხადყოფს უკრაინის გზით საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას ევროპის ქვეყნებთან.  ქართველ მეცნიერს იასე ცინცაძეს კახეთში ელიოსძეთა ოჯახში უნახავს საბუთები, რითაც მტკიცდება ამ ოჯახის წინაპართა კაზაკობა, რომელთაც იქაც ქართული გვარი ჰქონდათ შენარჩუნებული.

XIX საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც საქართველო რუსეთის გუბერნია გახდა, უკრაინას არ გაუწყვეტია ურთიერთობა მეგობარ ქვეყანასთან. 1900 წელს ქალაქ ბათუმის არქიტექტორმა ა.ბენკლიანცმა შეადგინა მიწის გეგმა 1830,32 კვ. საჟენის მოცულობით, რომელიც  განთავსებული იყო ნავთობის ქუჩაზე (დღევანდელი ბაქოს ქუჩა) აღნიშნული მიწის ფართი არენდირებული იყო კიევის სამრეწველო ბანკის მიერ. კიევის სამრეწველო ბანკს 1897 წლამდე თავისი განყოფილება გააჩნდა ბათუმში, რომელიც განთავსებული იყო მარინის პროსპექტის და შერემეტიევის ქუჩის კუთხეში, ივანიანის სახლში. აღნიშნული სამრეწველო ბანკი აწარმოებდა ჭიათურის მარგანეცის ექსპორტს.

XIX დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაში შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის წამყვან როლს ასრულებდა უკრაინა. ამ პერიოდში ბათუმში უკრაინა აარსებს სამეურნეო-კომერციულ დაწესებულებებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს არსებული რეგიონის ეკონომიკის აღორძინების და განვითარების საქმეში. უკრაინის საქართველოსთან კეთილმეზობლურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ოდესის ქუჩაზე განთავსებული იყო ძირითადი სამეურნეო-კომერციული დაწესებულებები. ასეთი იყო ეტლების დამამზადებელი ფაბრიკა  (Dumesnil R). ამავე ქუჩაზე განთავსებული იყო სასწავლებელი-პანსიონი, რომელიც ამზადებდა მოზარდებს კადეტთა კორპუსისთვის. ბათუმის მოსახლეობას ლუდით ემსახურებოდა კომპანია ,,ენცი“. ისინი ძირითადათ ოდესის ლუდსახარშ ქარხანაში წარმოებული პროდუქციით ვაჭრობდნენ. ბათუმში კომპანიის რეზიდენცია არსებობდა 9 აპრილის ქუჩაზე. მისი მთავარი წარმომადგენელი იყო გრიგოლ დანელია. ოდესის ლუდსახარშ ქარხანას (,,სანცენბახერ“) ბათუმში გააჩნდა საკუთარი საწყობები და მაღაზიები.

 ამ პერიოდში ბათუმში ვაჭრობას აწარმოებდნენ ოდესის ძეხვეული საწარმოები. მთავარი გასტრონომი ეკუთვნოდა ნეიმანს, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩაზე, კაკაბაძის სახლში.  ქალაქის მოსახლეობას ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელებით ემსახურებოდა სავაჭრო ფირმა ,,ალაზანი“, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავდა სევასტოპოლში და იალტაში.

Oორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობაში დიდი როლი შეასრულეს როგორც ქართველმა, ისე უკრაინელმა ჰუმანისტებმა. მსოფლიო ლიტერატურაში ევროპეიზმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით გურამიშვილმა თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები მირგოროდში გაატარა, სადაც დღეს დავით გურამიშვილის სახელობის სამუზეუმო-სამეცნიერო კერა ფუნქციონირებს.  XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში მოღვაწეობდა ცნობილი უკრაინელი მათემატიკოსი ნიკოლოზ ივანესძე გულაკი. მან დიდი შრომა გასწია ქართული ენის შესწავლისა და პოპულარიზაციის მიზნით, რაზეც მიუთითებს მისი ნაშრომი ,,ქართული ენის ადგილი ინდოევროპულ ოჯახში’’. ქართულ ენაზე ითარგმნა პეტრე მოგილას, დიმიტრი ტუფტალოს თხზულებები. ქართულ ენაზე თარგმნილ მსოფლიო ლიტერატურის 47 ტომში დაბეჭდილია ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ივან ფრანკოს საუკეთესო ნაწარმოებები.

საქართველოსა და  უკრაინის კულტურული ურთიერთობები დღესაც გრძელდება. კიევში მოქმედებს არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლებიც ეწევიან ქართული ენის და კულტურის პოპულარიზაციას.  ასევე საქართველოში დიდ შრომას ეწევიან უკრაინელი ხალხის უძველესი კულტურის შესასწავლად“.

მერაბ მეგრელიშვილი

იბრაიმ დიდმანიძე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა