გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ნებისმიერ მკითხველს შეუძლია საკუთარი თავი ამოიცნოს“

სურათი

თინათინ ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი თაობის სტუდენტი იყო.  თინათინი ბსუ-ში 2005 წელსფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობაზე  100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა. სკოლა ქედის რაიონის სოფელ კოკოტაურში დაამთავრა. პროფესიით ფინანსისტი, ფართო აუდიტორიამ ბესტსელერის ავტორად გაიცნო

მოპარული სიყვარულიდამეორე შანსითინათინ ბერიძის ავტორობით გამოცემული წიგნებია. შემოქმედებით საქმიანობას კვლავაც აგრძელებს.  რუბრიკის ფარგლებშიმე დავამთავრე ბსუ“ - თინათინი მშობლიური უნივერსიტეტის გაზეთის რესპონდენტია

_ საკუთარ თავზე საუბარი დიდად არ მიყვარს, თან ვფიქრობ, რომ სხვებისგან არაფრით გამოვირჩევი. ალბათ რაიმე ინტერესი თუ არსებობს ჩემ მიმართ, რა თქმა უნდა, ნაცნობებით დაინტერესებას არ ვგულისხმობ, მაინც წიგნებმა განაპირობა. პროფესიით ფინანსისტი გახლავართ და ამჟამად სწორედ პროფესიით ვარ დასაქმებული. მიყვარს კითხვა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა და მოგზაურობა. რა თქმა უნდა, თუ ამისი საშუალება არის. როგორც აღმოჩნდა, წერაც შემძლებია. ჩვეულებრივი მეოცნება ადამიანი ვარ, ვინც უკეთეს სამყაროში ცხოვრებაზე ოცნებობს.

_ თინათინ, გთხოვთ გაიხსენოთ თქვენი სტუდენტობის წლები...

_ ჩემ დროს სტუდენტობა განსხვავებული იყო. ასე მგონია, უფრო მეგობრულები ვიყავით. ახლა ურთიერთობები თითქოს გაცივდა, რასაც ხელი ალბათ სოციალურმა ქსელებმა შეუწყო, სადაც ადამიანები თავიანთ პატარა, ვირტუალურ სამყაროს იქმნიან. მახსოვს, სტუდენტობის დიდი დრო, განსაკუთრებით პირველი წლები, ბიბლიოთეკაში გავატარეთ. საშუალება ნაკლები იყო, მაგრამ გართობის შესაძლებლობას მაინც გამოვნახავდით ხოლმე.

_ რას საქმიანობთ ამ ეტაპზე?

_ ქედის რესურსცენტრის ფინანსისტი ვარ. ბევრს უკვირს, რომ სად წერა და სად ფინანსები. შეიძლება  მთელი დღე ციფრების ყურება მეხმარება კიდეც. თუმცა ვაღიარებ, ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე, სხვა პროფესიას ავირჩევდი.

_ თინათინ, რა ასაკიდან წერთ?

_ რა ასაკიდან? თუ ვიტყვი, რომ „მოპარული სიყვარული“ ჩემი პირველი მცდელობა იყო რაიმე დამეწერა, ძალიან უცნაური იქნება? არადა ასეა. მანამდე არაფერი დამიწერია, თუმცა  ბავშვობიდან მქონდ ასეთი „ჩვევა“ _  ფილმი ან წიგნი თუ არ მომეწონებოდა, ისე ვასრულებდი, როგორც გამიხარდებოდა. ამდენად, მხოლოდ წარმოსახვაში მქონდა „დაწერილი წიგნები, მაგრამ სხვისი თანაავტორობით.

_ როდიდან გაგიცნოთ საზოგადოებამ?

_ როცა ხუმრობით დაწყებული ჩანაწერები გავაგზავნე კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“. აღნიშნულ კონკურსს გამომცემლობა “პალიტრა L” ყოველწლიურად ატარებს და საზოგადოებამ,  როგორც ავტორი,  ამ კონკურსის გამარჯვების შემდეგ გამიცნო.

_ რას გვეტყვითპალიტრა L“-ის მიერ გამართული ლიტერატურული კონკურსის შესახებ?

_ რომ არა ეს კონკურსი, ვერასოდეს გავბედავდი რომელიმე გამომცემლობაში ჩემი ნაწერის გაგზავნას. რადგან კონკურსი იყო, მონაწილეობა მივიღე პრინციპით „რატომაც არა“. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი  კონკურსია დამწყები ავტორებისთვის, მით უმეტეს, რომ კონკურსს ჰყავს კომპეტენტური ჟიური და გამარჯვებულებსაც საშუალება აქვთ, წიგნზე იმუშაონ გამომცემლობის მიერ შერჩეულ მენტორებთან, მათი გამოცდილება გაიზიარონ. მადლობა გამომცემლობა პალიტრა L-ს ამ შანსისთვის.

    _ რატომმოპარული  სიყვარული“?

_  სახელს თუ გულისხმობთ, ალბათ მაინც დასასრულმა მიკარნახა ეს სახელი. აქვე, ძალიან ბევრი ინტერესდება, თავიდანვე ასეთი დასასრული თუ მქონდა ჩაფიქრებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ მინდოდა ასეთი დასასრული და სახელიც სულ სხვა მქონდა შერჩეული, მაგრამ ვფიქრობ, დასასრულმაც გაამართლა და სახელმაც.

_ გვიამბეთ თქვენი პერსონაჟების შესახებ. რამდენად არიან ისინი რეალური ცხოვრების რეალური გმირები?

_ ჩემი ისტორია და ყველა გმირი გამოგონილია. მეგობრებისგან გამიგია, რომ ამა თუ იმ პერსონაჟში საკუთარი ან საერთო ნაცნობის თვისებები უპოვიათ. შეიძლება ასეცაა და ქვეცნობიერად მართლაც „მოვარგე“ პერსონაჟს რომელიმე მეგობრის თვისება. მთლიანობაში ისეთი პერსონაჟები მყავს, რომლებშიც ნებისმიერ მკითხველს შეუძლია საკუთარი თავი ამოიცნოს.

_ რატომმეორე შანსი“?

_ ბევრმა „მოპარული სიყვარულის“ დასასრული ისე აღიქვა, თითქოს ადამიანი როცა საყვარელ ადამიანს კარგავს, ცხოვრება უნდა შეწყვიტოს. ბევრს ეგონა, რომ ისტორია მე გადამხდა. სინამდვილეში პირიქით ვფიქრობ. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში იმსახურებს მეორე შანსს. ყველაფერს ეშველება ცხოვრებაში, გარდა სიკვდილისა. პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მივცეთ შანსი, რომ ვიცხოვროთ სრულფასოვნად და მერე სხვას, რომ ჩვენს გვერდით იყოს და ცხოვრება გაგვილამაზოს. სწორედ ეს შანსი მივეცი ჩემს გმირს, ენჯის.

_ როგორ ფიქრობთ, ნამდვილი სიყვარული მეორე შანსს მოითხოვს?

_ სიყვარული მაინც სუბიექტურად გვესმის ყველას. როცა გვიყვარს, და ვფიქრობ, ყველა ადამიანი ასეა, გვგონია, რომ ეს ერთადერთია და სამუდამო. და თუ მივხვდებით, რომ ადამიანი ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს, ან პირიქით _ მეორე ადამიანს ჩვენს მიმართ გრძნობა გაუქრა,  რატომაც არა? თუ დრო გავა და აღმოვაჩენთ, რომ ეს ის არ იყო რაც გვეგონა, რომ სიყვარული თურმე არ ყოფილა მხოლოდ ხელიხელჩაკიდებული სეირნობა და  ერთმანეთის ყურება, რატომ არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს შანსი რომ სხვა შევიყვაროთ?

_ თქვენი პერსონაჟებიდან, ვის თანაუგრძნობთ?

_ უპირობოდ, ჯანოს. ჯანო არის ეტლით მოსარგებლე ბიჭი. ერთმა მკითხველმა მომწერა, ეტლით მოსარგებლე ვარ და ზუსტად გადმოეცი ჩემი ემოციებიო. თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი შეფასება, რაც მიმიღია მკითხველისგან, სწორედ ეს იყო.

_ თქვენი წიგნები ახალგაზრდებმა, მით უფრო მოზარდებმა, საკმაოდ მოკლე დროში აიტაცა. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი?

_ ალბათ ის, რომ არც პერსონაჟები და არც ისტორია არაა არარეალური. ამასთანავე თემამაც შეუწყო ხელი, სიყვარული, მეგობრობა, ოჯახური პრობლემები.... ყველაზე მთავარი, როგორც მეუბნებიან ისაა, რომ ტექსტი მარტივად იკითხება. ცხოვრებაა  რთული, დამღლელი და მარტივად საკითხავ წიგნს, ადვილად იტაცებს მკითხველი.

_ თინათინი და ლიტერატურა... ვის გავლენას განიცდით?

_ რომ ვთქვა, რომ რომელიმე მწერალმა ჩემს ნაწერზე მოახდინა გავლენა მეთქი, არ ვიქნები მართალი. მაგალითად, ადრე ვკითხულობდი ყველაფერს, რასაც ხელში ავიღებდი. ამ ბოლო დროს ხშირად მემართება, დავიწყებ წიგნს და ვეღარ ვასრულებ. ალბათ ცუდი მკითხველი ვარ. ვცდილობ თანამედროვე ავტორებს გავეცნო, თუმცა ხშირად ვუბრუნდები ადრე წაკითხულ წიგნებს.

_ თინათინ, თქვენ ის წარმატებული ახალგაზრდა კადრი ხართ, ვინც უმაღლესი განათლება ბათუმში მიიღეთ და მშობლიურ მუნიციპალიტეტში დაბრუნდით. ამ მხრივ, რა რჩევას მისცემთ მომავალ თაობას?

_ ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა მაინცდამაინც არ აქვს სად ისწავლი. მთავარია მერე როგორ გამოიყენებ შენს ცოდნას. პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიოს ადამიანმა პროფესია და მერე ის საქმე აკეთოს, რაც უყვარს და ამასთანავე კარგად გამოსდის. მე მიხარია, რომ ჩემი რეგიონის უნივერსიტეტი დავამთავრე და მშობლიურ რიონს ვემსახურები.

_ თინათინის ერთი ჩვეულებრივი დღე...

_ როცა საჯარო სამსახურში ხარ 9-დან 6 საათამდე მუშაობ, ძნელია სხვა საქმისთვის გამონახო დრო. მაინც ვცდილობ, დრო გადავანაწილო მეგობრებისთვის, ცოტა დრო დავუთმო წერას, ახალი ინფორმაცია მივიღო. უმადური ვიქნები რამეზე რომ ვიწუწუნო, მაგრამ  რომ ვაღიარო, უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას ვისურვებდი.

_ თქვენი სამომავლო გეგმები...

_ ვმუშაობ ახალ წიგნზე და ვიმედოვნებ, რომ მკითხველი მასაც ისე შეიყვარებს, როგორც „მოპარული სიყვარული“ და „მეორე შანსი“ შეიყვარა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა