გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„არქივი ერის დოკუმენტური მეხსიერებაა“

სურათი

აჭარის საარქივო სამმართველო 100 წლისაა, რაც არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. არქივის როლი ჩვენი კუთხის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანესია. გაზეთბათუმის უნივერსიტეტისკითხვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აჭარის საარქივო სამმართველოს უცხოეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის და პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის უფროსი ბატონი თამაზ ფუტკარაძე პასუხობს, რომელიც  საარქივო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

_ აჭარის საარქივო სამმართველო საუკუნისაა. გთხოვთ, ჩვენი გაზეთის მკითხველს მოკლედ ჩაუტარეთ ისტორიული ექსკურსი...

_ 2023 წლის 11 აპრილს აჭარის საარქივო სამმართველოს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. 1923 წლის 11 აპრილს მიიღეს გადაწყვეტილება აჭარის განათლების სახალხო კომისარიატთან შექმნილიყო საარქივო სამმართველო ოთხი საშტატო ერთეულით. არქივს სათავეში ჩაუყენეს გენერალი გიორგი ფურცელაძე, რომელიც ენერგიულად შეუდგა საარქივო საქმის ორგანიზაციას, დოკუმენტების თავმოყრას. მართალია იურიდიულად გადაწყვეტილი იყო საარქივო დაწესებულების შექმნის შესახებ, მაგრამ დოკუმენტების განთავსებისათვის ვერ მოიძებნა შესაბამისი ფართი.  საარქივო დოკუმენტები ეყარა სხვადასხვა დაწესებულების სარდაფებში.   1923 წლიდან 17 წლის მანძილზე არქივმა 10-ჯერ შეიცვალა ბინა. საარქივო დოკუმენტებისათვის გამოიყო ლიკვიდირებული ლომბარდის შენობის ნაწილი, ე.წ. სოკოს სახლი, ერთ-ერთი შენობის სარდაფი, კათოლიკური ეკლესია და ა. შ. მხოლოდ 1960-იან წლებში ეღირსა არქივს საკუთარი შენობა გორკის, ახლანდელი გორგილაძის  ქუჩაზე.  1992 წლიდან კი  საარქივო დოკუმენტები განთავსდა თანამედროვე შენობაში.

_ საარქივო სამმართველოს როლი ჩვენი კუთხის ისტორიულ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობაში უმნიშვნელოვანესია. ბატონო თამაზ, თქვენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბრძანდებით. არქივის როლი რეგიონის პირველი უმაღლესი სასწავლებლის ცხოვრებაში და პირიქით...

_ არქივი ერის დოკუმენტური მეხსიერებაა. საარქივო მასალების გარეშე შეუძლებელია ისტორიის საკითხების მეცნიერული შესწავლა.  შესაბამისად, განუზომელია მისი როლი ერის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. სწორედ საარქივო დოკუმენტების საფუძველზეა შექმნილი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების:  პარმენ ცქვიტარიას, ვლადიმერ სიჭინავას, აბელ სურგულაძის, ოთარ თურმანიძის, ხარიტონ ახვლედიანის, მურად ჩავლეიშვილის, ალექსანდრე ბაუჟაძის, სერგო დუმბაძის, ბიჭიკო დიასამიძის, ირაკლი ბარამიძის, ირაკლი მანველიძის, ოთარ გოგოლიშვილის, უჩა ოქროპირიძის, მერაბ მეგრელიშვილის და სხვა ავტორთა  მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა.  საარქივო მასალების  საფუძვლზე დაიწერა ბათუმის სხვადასხვა დაწესებულებისა და ორგანიზაციის,  მათ შორის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის (შემდგომში უნივერსიტეტის) ისტორია  (ავტორები: დურსუნ ბალაძე, შოთა ჯაფარიძე, სერგო დუმბაძე  და სხვები).

შესაბამისია არქივის როლი მომავალი ისტორიკოსის აღზრდის საქმეში.  ისტორიის სპეციალობის სტუდენტები და მაგისტრანტები საარქივო პრაქტიკას გადიან აჭარის საარქივო სამმართველოში, ეცნობიან არქივის მუშაობის სპეციფიკას, რაც მნიშვნელოვნად წაადგება მათი პროფესიული მომზადების საქმეს.

_ აჭარის საარქივო სამმართველოში თქვენ უცხოეთთან, საზოგადოებასთან,

მასმედიასთან ურთიერთობის და პუბლიკაციისა და გამოყენების სამსახურის უფროსი ხართ. შესაბამისად, 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად იყავით ჩართული. რას გვეტყვით ღონისძიების შესახებ, რა ეტაპებისგან შედგებოდა?

_ საარქივო სამმართველოს საიუბილეო თარიღისათვის მზადება საარქივო სამმართველომ დაიწყო რამდენიმე თვით ადრე. შედგა საიუბილეო ღონისძიების სავარაუდო გეგმა, შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი. ღონისძიების ორგანიზებაში დიდი როლი შეასრულა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. საიუბილეო ღონისძიებას წინ უძღოდა არქივის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს (თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, ბათუმი), უკრაინის, თურქეთისა და ფინეთის სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილე სტუმართათვის მოეწყო ექსკურსია აჭარისწყლის ხეობაში, ხოლო 29 აპრილს გაიმართა საიუბილეო ღონისძიება, რომელზეც ოფიციალური ნაწილის შემდგომ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა ენახა თეატრალიზებული წარმოდგენა ,,ხუთი ამბავი აჭარის არქივიდან“.

_ ბატონო თამაზ, რამდენიმე დღის წინ, საარქივო საქმეში შეტანილი წვლილისთვის დაგაჯილდოვეს...

_ ჩემ მიერ არის შემოტანილი საქართველოს, მათ შორის აჭარის შესახებ საარქივო მასალები (ასლები) გრაციდან (ავსტრია), სოფიიდან და ბლაგოევგრადიდან (ბულგარეთი), პეტერბურგიდან (რუსეთი), ოდესიდან (უკრაინა), ბაქოდან (აზერბაიჯანი) და ერევნიდან (სომხეთი) პირადი ინიციატივით, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. შემოტანილი მასალების დიდი ნაწილისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გახარჯულა არცერთი თეთრი.  უმნიშვნელო თანხები დაიხარჯა მხოლოდ სოფიის კირილეს და მეთოდეს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებიდან აჭარის შესახებ არსებული ოსმალური დოკუმენტებისა და პეტრიწონის მონაწტრის ტიპიკონის ასლების შემოტანაში.

 ჩვენი ინიციატივით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გრაცის (ავსტრია), ოდესის (უკრაინა), სოფიის (ბულგარეთი) არქივებთან.

2008 წლიდან გამოვცემთ ჟურნალ ,,არხეიონს“  (გამოცემულია 24 ნომერი). გამოიცა დოკუმენტების პრი კრებული. ჩატარდა 2008 წლიდან 10 სამეცნიერო კონფერენცია, დაიბეჭდა ათივე კონფერენციის მასალები.

_  ბატონო თამაზ, თქვენ როგორს ისტორიკოსსა და ეთნოლოგს, კარგად გიცნობენ. გთხოვთ, მოკლედ გვესაუბრეთ თქვენი სამეცნიერო ინტერესის სფეროსა და სამომავლო მიზნების შესახებ...

_ ვმუშაობ მიგრაციის პრობლემებზე, ასევე ჩემი პუბლიკაცების ნაწილი ეხება ეთნიკურ პროცესებსა და პრობლემებს. ევროკავშირის საგრანტო პროექტებში მონაწილეობამ შესაძლებლობა მომცა მემუშავა პოლიტიკური და კულტურული მეხსიერების, აკადემიური კულტურისა და   ცოდნის გაცვლის საკითხებზე.

   აქტიურად ვმონაწილეობ აგრეთვე ისტორიული საქართველოს _ ჩვენებურების ტრადიციული ყოფისა და კულტურის საკითხების შესწავლაში.  2008 წლიდან პრაქტიკულად ყოველწლიურად ვმონაწილეობ  სამეცნიერო ექსპედიციებში, რომელიც  თურქეთის საქართველოში  ტარდება.  ვიყავი არტაანში ჩატარებული სამი სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი.

ვმონაწილეობდი პირინის მაკედონიის (ბულგარეთი) სამეცნიერო ექსპედიციაში, რამაც შესაძლებლობა მომცა ბულგარეთისა და ბულგარელების შესახებ გამომექვეყნებინა რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის ერთი წიგნი პროფესორ მარინე აროშიძის თანაავტორობით.

ნაშრომები მაქვს გამოქვეყნებული აგრეთვე პოლონელების, აზერბაიჯანელების, სომხების, ბერძნების შესახებაც.

პერსპექტივაში   მიზნად ვისახავთ ფოცხოვის რეგიონის შესწავლასაც.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა