გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ერთობლივი სახელმძღვანელო „შესავალი სამართალმცოდნეობაში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების - მურმან გორგოშაძისა და ლევან ჯაყელის ერთობლივი სახელმძღვანელოშესავალი სამართალმცოდნეობაშიგამოიცა. ავტორებმა წიგნის პრეზენტაცია იურისტის დღეს დაამთხვიეს.

სახელმძღვანელო ქმნის იმ ინტელექტუალურ გარემოს, რომელსაც ანგარიშს უწევს დარგობრივი იურიდიული დისციპლინები. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მას მეთოდოლოგიური ფუნქციაც აქვს. იგი შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე წაკითხული ლექციების საფუძველზე.

გაზეთბათუმის უნივერსიტეტისკითხვებს პროფესორი მურმან გორგოშაძე პასუხობს

  _ ბატონო მურმან, გვიამბეთ ერთობლივი ახალი სახელმძღვანელოს შესახებ...

_ „შესავალი სამართალმცოდნეობაში“ ემსახურება იურიდიული მეცნიერებებისათვის აუცილებელი ზოგადი ცნებითი აპარატის დამუშავებას და ერთიან სისტემაში მოქცევას. მაგალითად, ყველა იურიდიული მეცნიერება იყენებს სამართლის ცნებას, სახელმწიფოს ცნებას, სამართლის წყაროს ცნებას, ნორმატიული აქტის ცნებას, კანონის ცნებას და სხვა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იკვლევს მათ, არ ადგენს მათ განსაზღვრებას. ამას აკეთებს საგანი „შესავალი სამართალმცოდნეობაში“. რა არის სამართალი, რა არის სახელმწიფო, რა არის სამართლის წყარო, რა არის ნორმატიული აქტი, რა არის კანონი და სხვა, როგორც ვხედავთ, ამ, იურისპრუდენციისათვის „სასიცოცხლო“ მნიშვნელობის მქონე ცნებებს, სწავლობს და მათ შესახებ ცოდნა სისტემაში მოჰყავს საგანს „შესავალი სამართალმცოდნეობაში“, რომლის შესწავლის პროცესში სტუდენტებს, ერთგვარ ხელმძღვანელობას გაუწევს ჩვენი ერთობლივი სახელმძღვანელო.

 „შესავალი სამართალმცოდნეობაში“ არის სასწავლო საგანი, რომელიც ემსახურება სტუდენტთა მომზადებას დარგობრივი იურიდიული მეცნიერებების შესასწავლად. მისი შესწავლის აუცილებლობას განაპირობებს ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ პედაგოგიური მოსაზრებებით, მიზანშეუწონელია სამართლის შესწავლის დაწყება უშუალოდ სპეციალური იურიდიული მეცნიერებებით, მაგალითად, სახელმწიფო ან სამოქალაქო სამართლით. ვინაიდან არა მხოლოდ სპეციალური იურიდიული მეცნიერებები, არამედ სამართლის ისტორიაც კი შექმნილია იურიდიული ცნებებისა და კატეგორიების გამოყენებით და ამ იურიდიულ ცნებათა ენის ცოდნის გარეშე გაძნელდება, როგორც სპეციალური იურიდიული, ისე ისტორიულ-იურიდიული დარგების შესწავლა და მით უფრო, ანალიზი. მაშასადამე, დარგობრივი იურიდიული მეცნიერებების შესასწავლად აუცილებელია სამართლის შესახებ არსებული ერთიანი, ზოგადი ცოდნა, რომელსაც საგანი „შესავალი სამართალმცოდნეობაში“ იძლევა.

„შესავალი სამართალმცოდნეობაში“ იურისპრუდენციისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საგანია, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ სამართლის შესახებ ძირითადი ცნებებისა და ზოგადი მოძღვრების შექმნით ხელი შეუწყოს კერძო იურიდიული მეცნიერებების ძირეული საკითხების გააზრებას. ისევე, როგორც ზოგადის ხედვის უნარის გარეშე, შესაძლებელია ხეები დავინახოთ, მაგრამ ტყე ვერა, თუ არ გვექნება სამართლისა და სახელმწიფოს შესახებ ძირითადი ცნებებისა და კატეგორიების ერთიანი, ზოგადი ცოდნა, შეუძლებელია იურისპრუდენციის ძირეული პრობლემების ხედვა. სწორედ ამგვარი ცოდნის სისტემას იძლევა საგანი „შესავალი სამართალმცოდნეობაში“ და ესაა მისი ერთერთი ფუნქცია.

ამასთან,  ამ საგნის შესწავლა ხელს უწყობს იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელის ცნობიერების დასახსვრას სამართლებრივი ცნებებით. ამ ცნებებზე დაყრდნობით ხდება საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი ორიენტაცია; ეს კი ნიშნავს იმას, რომ „შესავალი სამართალმცოდნეობაში“ აყალიბებს გარკვეულ სამართლებრივ ღირებულებებს და ხელს უწყობს იურიდიული მსოფლმხედველობის ფორმირებას, ანუ გააჩნია კონცეპტუალურ-მსოფლმხედველობითი ფუნქცია.

„შესავალი სამართალმცოდნეობაში“ მიერ დადგენილი ცნებებისა და კატეგორიების საშუალებით ხდება სამართლებრივი სინამდვილის შემეცნება და კონსტატაცია. ამდენად, მას აქვს შემეცნებითი ფუნქციაც.

„შესავალი სამართალმცოდნეობაში“ მიერ დადგენილი ცნებებისა და კატეგორიების საშუალებით ხდება სამართლებრივი სინამდვილის არა მხოლოდ შემეცნება და კონსტატაცია, არამედ მისი ახსნაც, ინტერპრეტაციაც, შესაბამისად მას აქვს ამხსნელობითი ფუნქციაც.

„შესავალი სამართალმცოდნეობაში“ ქმნის იმ ინტელექტუალურ გარემოს, რომელსაც ანგარიშს უწევს დარგობრივი იურიდიული დისციპლინები. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მას მეთოდოლოგიური ფუნქციაც აქვს.

_ ვისთვის არის განკუთვნილი წიგნი?

_ სახელმძღვანელო  განკუთვნილია სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებისათვის. თუმცა, მისი გამოყენება შეეძლებათ სამართლის და სოციოლოგიის  სამაგისტრო, ასევე   საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებსაც. ასევე სხვა მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებსა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებს. იგი შეიძლება გამოადგეთ სამართალმცოდნეობის ძირითადი ცნებებითა და კატეგორიებით  დაინტერესებულ პირებსაც.

ჩვენ მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „შესავალი სამართალმცოდნეობაში“, შექმნილია სახელმძღვანელოს შექმნის პრინციპების გათვალისწინებით, თემები და თემებით გათვალისწინებული საკითხები დალაგებულია კვირების მიხედვით, სახელმძღვანელოში მოცემულია სილაბუსი და შუალედური და დასკვნითი გამოცდების ბილეთების ნიმუშები და საგამოცდო საკითხები. ყოველ კვირაში განხილული თემა მთავრდება შესწავლილი მასალის განსამტკიცებელი ტესტებით, შეკითხვებით, კაზუსებით, ტერმინებით და სხვა სახის სავარჯიშოებით.

სახელმძღვანელო შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამაზე წაკითხული ლექციების საფუძველზე. მასში თავმოყრილი და დალაგებულია ქართულ იურისპრუდენციაში გაზიარებული დებულებები სამართალმცოდნეობის ძირითად ცნებებსა და კატეგორიებზე.

სახელმძღვანელო მიყვება საგნის „შესავალი სამართალმცოდნეობაში“  სილაბუსს.  სახელმძღვანელო შედგება 15 თემისაგან. თითოეული თემა დაყოფილია პარაგრაფებად, ქვეპარაგრაფებად, ზოგ შემთხვევაში ქვექვეპარაგრაფებადაც.

წიგნის რედაქტორია პროფესორი ნუგზარ ფუტკარაძე, ხოლო რეცენზენტები, პროფესორები _ ანა ფირცახალაიშვილი და მალხაზ ბეგიაშვილი.

_ ფაკულტეტის დეკანთან ერთად, ისევ ხომ არ გაქვთ ერთობლივი სამომავლო სამეცნიერო გეგმები?

_ ჩემი და ბატონი ლევანის სამეცნიერო თანამშრომლობა 2007 წლიდან იწყება. ჩვენ ერთობლივად ათამდე სამეცნიერო პუბლიკაცია გამოვაქვეყნეთ საკმაოდ რეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში. თუ გაზეთის ფორმატი იძლევა საშუალებას, რამდენიმე მათგანს დაგისახელებდით, მაგალითად:  „სამართლებრივი ცნობიერების შინაარსის განმსაზღვრელი ელემენტები“  (საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ინტექტუალში“ (2013,  #22); „Law and politics: Modern aspects of Interconnection“ (Europaische Fachhochschule. European Applied Sciences Stuttgart, 2013 #6); The Peculiarities and Role of the Legal Should-Be in Formation of the Normative Behavior   (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე #2, 2019) და სხვა. ასევე არაერთხელ ერთობლივად ვმონაწილეობდით სამეცნიერო კონფერენციებშიც. ახლა კი ერთობლივი სახელმძღვანელო გავაკეთეთ. თუ ამ ერთობლივ სამეცნიერო შრომით გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა ასევე ნაყოფიერად მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. გვაქვს საინტერესო იდეები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა