გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ტრადიციადქცეული კონფერენცია - „ადრეული განათლება და ზრუნვა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორედ გაიმართა ტრადიციადქცეული საერთაშორისო კონფერენციაადრეული განათლება და ზრუნვა“. კონფერენციაში 100-მდე ქართველმა და უცხოელმა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა. გამოიკვეთა სხვადასხვა აქტუალური პრობლემა. დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა იმსჯელეს არაერთი პრობლემური საკითხის გადაჭრის გზებზეც. მოზარდის ცნობიერების ჩამოყალიბებასა და აღზრდაში ცალსახად მნიშვნელოვანია ოჯახის, მშობლების, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საზოგადოების ხვედრითი წილი. მეორე საერთაშორისო კონფერენციაადრეული განათლება და ზრუნვაგაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის . . განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ადრეულ ასაკში შესაბამისი განათლების მიცემა და აღმზრდელობითი საქმიანობის ჩატარება ბავშვის განვითარებისა და ჯანსაღი მომავლის წინაპირობაა. კონფერენცია რამდენიმე სექციისგან შედგებოდა. სესიებზე გამოიკვეთა თამაშზე ორიენტირებული სწავლების, დაკვირვების, დოკუმენტების, ბავშვის სწავლისა და განვითარების შეფასების აუცილებლობა. კონფერენციაზე გამომსვლელების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების ზოგიერთ პრობლემურ ასპექტზეც.

საერთაშორისო ფორუმის გახსნას ესწრებოდნენ და კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე და საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მრჩეველი ადრეული განათლების პოლიტიკის საკითხებში მასაჰირო კატო.

პარალელურად, ვებინარი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მუსიკისა და დრამატურგიის ელემენტები თამაშში, ადრეული და სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელები.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში საკითხით დაინტერესებული არაერთი პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა. თემატიკა განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა ფსიქოლოგებისთვისაც. გაზეთიბათუმის უნივერსიტეტიქეთევან ბერიძის, რუსუდან კეჭაყმაძის, გურანდა შამილიშვილისა და შორენა მესხიძის ერთობლივ მოხსენებათა მინი ვერსიას წარმოგიდგენთ. მათ მიერ განხილული და წარმოდგენილი თემატიკა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვეობაში.

გენდერული განსხვავებები გოგონებისა და ბიჭების თამაშში

სტატია ეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვების თამაშის შესწავლას გენდერული განსხვავებების თვალსაზრისით.

ფსიქოლოგების მიერ დადგენილია, რომ სკოლამდელი ასაკი - ესაა ბავშვის ყოველმხრივი განვითარების ინტენსიური პერიოდი და თამაში წარმოადგენს ამ ასაკის ბავშვის წამყვან ქცევას. თამაში ხელს უწყობს სენსორული უნარებისა და ფიზიკური ჩვევების განვითარებას,  ქმნის რა პირობებს  იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს ახლად შეძენილი ინტელექტუალური უნარების დახვეწა და გაუმჯობესება. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ კვლევების მიხედვით, არსებობს გარკვეული გენდერულ განსხვავებები გოგონებისა და ბიჭების თამაშებს შორის.

კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, შენარჩუნებულია თუ არა ეს მდგომარეობა დღესაც, რადგან თანამედროვე პირობებში სკოლამდელი განათლების ფოკუსი უფრო მეტად მიმართულია აკადემიური უნარების სწავლა-განვითარებისკენ და ბავშვებს ნაკლები დრო რჩებათ თამაშისთვის. კვლევაში გამოყენებულია იყო ი. ურუნთაევას და ი. აფონკინას მეთოდიკა „სათამაშო უპირატესობების შესწავლა,“ ასევე, ინტერვიუები მასწავლებლებთან და მშობლებთან. კვლევა ჩატარდა ბათუმის # 4  და ქობულეთის # 5  ბაღში. ბავშვების ასაკი 5 – 6 წელი.

კვლევამ აჩვენა, რომ უფროსი სკოლამდელი ასაკის ბავშვების თამაშში არსებობს გენდერული განსხვავებები. კერძოდ, გოგონები ძირითადად ირჩევენ ქალის ტრადიციულ გენდერულ როლებს, ხოლო ბიჭები–მამაკაცის ტრადიციულ პროფესიებთან დაკავშირებულ და ასევე, ფილმების და მულტფილმების გმირების როლებს. გარდა ამისა, გოგონები თამაშის პროცესში დაკავებული არიან აქტივობებით, რომლებიც დაკავშირებულია სხვაზე ზრუნვასთან და საოჯახო საქმიანობასთან, ხოლო ბიჭებთან შეიმჩნევა მეტი ფიზიკური აქტივობა.

საკვანძო სიტყვები: განვითარება, ადრეული ბავშვობა, თამაში, გენდერული განსხვავებები.

თამაში - ესაა მხოლოდ ბავშვებისთვის დამახასიათებელი სამყაროს შეცნობისა და საკუთარი უნარების სრულყოფის ხერხი.

თამაში აკმაყოფილებს ბავშვის ბევრ მოთხოვნილებას, როგორიცაა დაგროვილი ენერგიის დახარჯვა, გართობა, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, გარემოს შესწავლა და ექსპერიმენტირება უსაფრთხო სიტუაციაში. თამაშს ზოგჯერ უწოდებენ „ბავშვების მუშაობას,“ იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც იგი ასრულებს ბავშვის განვითარებაში. თამაში განსხვავდება მოქმედების ყველა სახისგან. თავისი არსით, იგი არაა ორიენტირებული რაიმე ობიექტური მიზნის მიღწევაზე, ბავშვები თამაშობენ იმისათვის, რომ სიამოვნება მიიღონ თვითონ პროცესისგან. კატერინ ჰარვი (Garvey, 1990) ასე ახასიათებს თამაშს: თამაშობენ მხოლოდ სიამოვნებისთვის, თამაში არ მისდევს რაიმე სხვა მიზანს, გარდა იმისა, რაც ჩადებულია თვითონ მასში. იგი იწყება თვითონ მოთამაშეთა ინიციატივით, მოითხოვს, რომ მოთამაშეები აქტიურად იყვნენ მასში ჩართული, ხელს უწყობს სოციალურ ზრდასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ბავშვების ზრდასთან ერთად, იცვლება მათი თამაშებიც. განვიხილოთ თამაშის რამდენიმე ყველაზე უფრო  ტიპიური სახე.

ექსპერიმენტული თამაში. ცნობილია, რომ პირველი წლის მეორე მეოთხედში ბავშვი  თამაშობს თავისი სხეულის ნაწილებით, მაგრამ ნამდვილ თამაშად ეს ჯერ კიდევ არ ითვლება. თამაშზე ლაპარაკობენ მას შემდეგ, როცა იგი თავისი ფუნქციური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იწყებს საგნების გამოყენებას. ეს კი იწყება ტაცების ხანის დადგომიდან.

5 – 6 თვიდან ბავშვი საგნებით აწარმოებს მრავალფეროვან მანიპულაციებს: აქანავებს საგნებს, ურტყამს ერთმანეთზე და სხვა საგნებზე, ფხრეწს ქაღალდებს, ძირს ისვრის საგნებს. იგი ასევე გატაცებით ეთამაშება ადამიანებს: ქაჩავს თმებს, უწევს ყურს და ა. შ. ცხადია, ასეთი მოძრაობები ბავშვს არ სჭირდება თავისი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ მათ თვლიან თამაშად, რომელსაც კ. გროსმა უწოდა „ექსპერიმენტული თამაში.“

ექსპერიმენტული თამაშის თავისებურება ისაა, რომ  თამაშის დროს ბავშვი საგნებს რისამე მასალად არ იყენებს, მათი საშუალებით არ აგებს თამაშს. მან არ იცის მათი თვისებები, მისთვის საგნები მხოლოდ საშუალებაა სხეულის განსაზღვრული მოძრაობების გამოსაწვევად.

ილუზიის თამაში. ორი წლიდან ბავშვის ქცევებში ჩნდება თამაშის ახალი სახე, რომელსაც უწოდებენ ილუზიის თამაშს.

ილუზიის თამაშის დროს სათამაშოდ გამოყენებულ საგანს მიეწერება სხვა, მისგან განსხვავებული საგნის მნიშვნელობა, ხოლო  შესრულებულ მოქმედებებს ეძლევა ისეთი მნიშვნელობა, როგორიც აქვს დიდებთან. თამაშის მოქმედებას აქვს ნიშნური (სიმბოლური) ხასიათი. სწორედ თამაშში ვლინდება ყველაზე ნათლად ბავშვის ჩამოყალიბებაში მყოფი ცნობიერების ნიშნური ფუნქცია. საგნის სათამაშო შემნაცვლებელს სათამაშო საგანთან შეიძლება ჰქონდეს გაცილებით ნაკლები მსგავსება, ვიდრე ვთქვათ, ნახატს გამოსახატავ სინამდვილესთან. ამიტომ, როცა ბავშვი საგნის სახელს აძლევს შერჩეულ საგანს და მიაწერს მას გარკვეულ თვისებებს, იგი ითვალისწინებს შემნაცვლებელი საგნის ზოგიერთ თავისებურებას. შემნაცვლებელი საგნის შერჩევის დროს სკოლამდელი ამოდის საგანთა რეალური ურთიერთობებიდან.

სენსორული თამაშები. ამ სახის თამაშის მიზანია სენსორული გამოცდილების მიღება თვითონ ამ გამოცდილებისთვის. ბავშვებმა შეიძლება უსასრულოდ აშხეფონ წყალი, ღეჭონ ბალახი, ახმაურონ ჭურჭელი და ყვავილს დააწყვიტონ ფურცლები - მხოლოდ იმისათვის, რომ ისიამოვნონ ახალი ბგერებით, სუნით, გემოსა და ტაქტილური შეგრძნებებით. სენსორული თამაშის წყალობით, ბავშვები იგებენ საკუთარი ფიზიკური და გრძნობადი შესაძლებლობების შესახებ, ასევე, იმ საგნების თვისებების შესახებაც, რომლებიც მათ ირგვლივაა.

მოტორული თამაშები. სირბილი, ხტუნვა, ტრიალი - ესაა მოძრაობასთან დაკავშირებული თამაშების რამდენიმე, საიდანაც ბავშვები ღებულობენ დიდ სიამოვნებას. ამ ტიპის თამაშებია ერთ - ერთი პირველი, რომელსაც მიმართავს ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი. ჩვილმა, უფროსის მონაწილეობით, შეიძლება დიდხანს შეასრულოს ერთი და იგივე მოძრაობები, რომლებიც მას აძლევს არამარტო ემოციურ მუხტს, არამედ მათთვის ასევე წარმოადგენს კარგ, უსიამოვნო შეგრძნებებს მოკლებულ ვარჯიშს საკუთარი სხეულის მოძრაობების კოორდინაციაში.

როლური თამაში და იმიტაცია. თამაშების ერთ - ერთი ძირითადი სახე მდგომარეობს სხვადასხვა როლებისა და სიტუაცის გათამაშებაში: ბავშვები თამაშობენ სახლობანას, ასახიერებენ სამსახურში მიმავალ მშობლებს, კოსმონავტს, მძღოლს. ასეთ თამაშს ეწოდება სიუჟეტურ - როლური და მასში ჩართულია არამარტო ვინმეს ქცევის იმიტაცია, არამედ ფანტაზიისა და ურთიერთმოქმედების ახალი ხერხები. თამაშის ქცევაში სკოლამდელი არამარტო შეანაცვლებს საგნებს, არამედ თავის თავზეც იღებს ამა თუ იმ როლს და იწყებს ამ როლის შესატყვისად მოქმედებას. მართალია, ბავშვს შეუძლია შეასრულოს ცხენის ან საშიში მხეცის როლი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იგი განასახიერებს უფროსებს: დედას, აღმზრდელს, მძღოლს, მფრინავს. თამაშში ბავშვი პირველად წვდება იმ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს ადამიანთა შორის შრომითი საქმიანობის პროცესში, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.

ასრულებს რა მოვალეობებს, ბავშვი იღებს უფლებებს იმ პირების მიმართ, რომელთა როლებს ასრულებენ თამაშის სხვა მონაწილენი. მაგალითად, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მიჰყიდონ სათამაშო დახლზე არსებული ნებისმიერი საქონელი. აქვს იმის უფლება, რომ მას ისევე ეპყრობოდნენ, როგორც სხვა მყიდველებს. ექიმს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პაციენტები ასრულებდნენ მის მოთხოვნებს.

ერთობლივ თამაშში ბავშვები სწავლობენ ურთიერთობის ენას, სწავლობენ, შეუთანხმონ თავიანთი მოქმედებები სხვის მოქმედებებს, სწავლობენ ურთიერთგაგებას და ურთიერთდახმარებას. ბავშვთა გაერთიანება ერთობლივ თამაშში, იწვევს თამაშის შინაარსის შემდგომ გამდიდრებასა და გართულებას. თითოეული ბავშვის გამოცდილება შეზღუდულია. იგი იცნობს მოზრდილის მიერ შესრულებული მოქმედებების მხოლოდ ვიწრო სფეროს. თამაშში ხდება გამოცდილების გაზიარება. ბავშვები ერთმანეთისგან იძენენ ცოდნას, დახმარებისათვის მიმართავენ მოზრდილებს. ამის შედეგად, თამაში ხდება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. თამაშის შინაარსის გართულება, თავის მხრივ, იწვევს რეალური ურთიერთობების გართულებას, თამაშის მონაწილეთა რიცხვის ზრდას, მათი მოქმედებების უფრო ზუსტი შეთანხმების აუცილებლობას.

ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს გენდერული განსხვავებები გოგონებისა და ბიჭების თამაშების სტილის, სათამაშო ფანტაზიების და როლების, აქტივობებისა და ინტერესების ხასიათის მიხედვით.

გენდერი - ესაა კულტურული მახასიათებლების სპეციფიკური ნაკრები, რომლებიც განსაზღვრავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურ ქცევას, მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებებს. შესაბამისად, გენდერი ვრცელდება მათ შორის დამოკიდებულებებზე და ამ დამოკიდებულებების სოციალურ კონსტრუირებაზე, ანუ იმაზე, თუ როგორ „აგებს“ საზოგადოება ამ დამოკიდებულებებს და სოციუმში სქესთა ურთიერთქმედებას. რაც შეეხება გენდერულ თავისებურებებს, ამაში იგულისხმება ის თავისებურებები, რომლებიც განპირობებულია სქესობრივი კუთვნილებითა და სოციალურ - კულტურული გამოცდილებით.

ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს გენდერული განსხვავებები პიროვნული მახასიათებლების, ქცევის სტილის, უნარების მიხედვით, რომლებიც ვლინდება უკვე ბავშვობის ასაკში. ერთ - ერთი სფერო, სადაც თავს იჩენს გენდერული განსხვავებები, არის თამაში. ჯერ კიდევ მაკკობი მიუთითებდა იმ განსხვავებებზე, რასაც ადგილი აქვს გოგონებისა და ბიჭების თამაშებში. ცხრილში მოყვანილია ეს მონაცემები:

გოგონებისა და ბიჭების თამაშები (. მაკკობის მიხედვით)

ბიჭების თამაშები

გოგონების თამაშები

მონაწილეთა დიდი რაოდენობა

მონაწილეთა რაოდენობა: 2 - 3 ადამიანი

უფრო ხშირად მიმდინარეობს ქუჩაში

უფრო ხშირად მიმდინარეობს შენობაში

იკავებს დიდ სივრცეს

იკავებს პატარა სივრცეს

უმრავლეს შემთხვევაში, მოძრავია

უმრავლეს შემთხვევაში, მშვიდია

ლიდერი აღწევს თავის პოზიციას ფიზიკური ძალის დახმარებით

ლიდერი აღწევს თავის პოზიციას ვერბალური მოლაპარაკებების დახმარებით

სათამაშოები მიაქვთ უხეშად, შეჯახებით

სათამაშოები მიაქვთ ფრთხილად, ცდილობენ, არ წამოედონ სხვა ბავშვებს

თამაშის დროს ერთად იცინიან, მაშინაც კი, თუ რომელიმე მათგანი ეცემა

უფრო იშვიათად იცინიან

უნებლიედ ან სპეციალურად დაცემა იწვევს სხვა მონაწილეების სიცილს

არ დასცინიან სხვა მონაწილეებს

ახასიათებთ ფიზიკური კონტაქტები:  ზედახორა, წაბიძგება

გაურბიან შეჯახებებს და წაბიძგებას

ორჯერ უფრო მეტად შედიან კონფლიქტში სათამაშოების გამო (მესამე წელს)

ორჯერ უფრო ნაკლებად შედიან კონფლიქტში სათამაშოების გამო (მესამე წელს)

უფრო ხშირად ავლენენ აგრესიას (ბიჭების მიმართ), მათ შორის, სახუმაროს

უფრო ნაკლებად ავლენენ აგრესიას

თამაშის დროს აქტიურად ავლენენ ემოციებს, უმეტესად, დადებითს

თამაშის დროს ძირითადად, არიან ჩუმად და მშვიდად

ხულიგნური ქცევის პიკი - 4 წელი

არაა აღმოჩენილი ასეთი ქცევა

ბიჭების დიადებში არის დომინირება - მორჩილების უფრო მკაფიო იერარქია

გოგონების დიადებში არის დავა დომინირება - მორჩილებასთან დაკავშირებით

უფრო მეტი კონკურენცია, როგორც ჯგუფური, ისე - ინდივიდუალური (იკავებს თამაშის დროის დაახლოებით 50% - ს

უფრო ნაკლები კონკურენცია, როგორც ჯგუფური, ისე - ინდივიდუალური (იკავებს თამაშის დროის დაახლოებით 1% - ს

უფრო მეტი კოოპერატიულობა თავისი გუნდის შიგნით

უფრო ნაკლები კოოპერატიულობა თავისი გუნდის შიგნით

უყვართ საგმირო როლები (თამაშობენ მას ქუჩაში სხვა ბიჭებთან) და არ უყვართ ოჯახური როლები

უყვართ სასკოლო (მასწავლებელი - მოსწავლე) და ოჯახური როლები (დედისა და მამის), ასევე, ბალერინას როლი

ხშირად თამაშობენ მარტო

იშვიათად თამაშობენ მარტო

თამაშის ატრიბუტებია მშვილდ - ისარი, ხმალი და ა. შ.

თამაშის ატრიბუტებია თოჯინები, საბალეტო კაბა, ასევე, მამაკაცის ტანსაცმელიც

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ბიჭების თამაშის სტილი არის უფრო „ხულიგნური,“ ფიზიკური კონტაქტებით. ესაა ხმაურიანი თამაშები ქუჩაში, მონაწილეთა დიდი რაოდენობით, რასაც თან ახლავს ხმამაღალი სიცილი და დადებითი ემოციები. ბიჭების დაჯგუფებებისთვის დამახასიათებელია დომინირება - დაქვემდებარების უფრო მკაფიო იერარქია. ბიჭები უფრო ხშირად არიან ერთმანეთთან კონკურენციაში, მაგრამ სხვა ჯგუფთან კონკურენცია შეხამებულია თავის ჯგუფთან კოოპერაციულობასთან - ბიჭები უფრო გულშემატკივრობენ თავის გუნდს, ვიდრე გოგონები. თამაშისთვის მათ სჭირდებათ მეტი სივრცე გადაადგილებისა და აქტიური მოქმედებებისთვის, არ კმაყოფილდებიან მხოლოდ ერთი სათამაშო კუთხით. უფრო ხშირად ბიჭების თამაშების თემატიკაა: „მეომრები,“ „მეხანძრეები,“ „მფრინავები,“ „მშენებლები,“ „მაშველები,“ „მოგზაურები.“

გოგონების თამაშები წყნარია და მშვიდი, 2- 3 მონაწილით, მიმდინარეობს შენობაში, სათამაშოდ მათთვის საკმარისია მცირე სივრცე, ერთი სათამაშო კუთხეც. გოგონების დაჯგუფებებში დომინანტური სტრუქტურა უფრო ბუნდოვანია: გოგონები არ დომინირებენ აქტიურად, მაგრამ არც დამორჩილება არ სურთ, თამაშებში გოგონები არიან ნაკლებად კონკურენტულები, მაგრამ ისე გააფთრებით არ გულშემატკივრობენ თავისიანებს, როგორც ბიჭები. მათი თამაშის თემატიკაა: „დედა - შვილობანა,“ „საბავშვი ბაღი,“ „სილამაზის სალონი,“ „ატელიე,“ „სკოლა,“ „სილამაზის კონკურსი.“

კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, შენარჩუნებულია თუ არა ეს მდგომარეობა დღესაც, რადგან თანამედროვე პირობებში სკოლამდელი განათლების ფოკუსი უფრო მეტად მიმართულია აკადემიური უნარების სწავლა-განვითარებისკენ და ბავშვებს ნაკლები დრო რჩებათ თამაშისთვის. კვლევაში გამოყენებულია იყო ი. ურუნთაევას და ი. აფონკინას მეთოდიკა „სათამაშო უპირატესობების შესწავლა,“ ასევე, ინტერვიუები მასწავლებლებთან და მშობლებთან. კვლევა ჩატარდა ბათუმის # 4  და ქობულეთის # 5  ბაღში. კვლევაში მონაწილეობდა 60 ბავშვი, 30 – ქობულეთიდან, 30 – ბათუმიდან, 15 – 15 გოგონა და ბიჭი. ბავშვების ასაკი იყო 5 – 6 წელი.

კვლევამ აჩვენა, რომ გოგონებისა და ბიჭების თამაშებში არსებობს გენდერული განსხვავებები, რაც ჩანს ბავშვების პასუხებში თითოეული კითხვის მიხედვით. წარმოვადგენთ  პასუხების გრაფიკულ გამოსახულებას.

პირველი კითხვა: „სად გირჩევნია თამაში: სახლში, ჯგუფში, თუ სეირნობის დროს?“ ბავშვების პასუხებიდან ჩანს, რომ გოგონების უმრავლესობა, ამჯობინებს სახლში და ჯგუფში თამაშს, იმიტომ რომ „სახლში დედიკოა; ბებიას და ბაბუას ვეთამაშები; ჯგუფში ჩემი მეგობრები არიან; კეთილები არიან.“ რაც შეეხება გარეთ თამაშს, ამას ამჯობინებს გოგონათა მცირე ნაწილი. ბიჭების პასუხების მიხედვითაც, უმეტესობას ურჩევნია სახლში და ჯგუფში თამაში, თუმცა, გოგონებთან შედარებით უფრო მეტი აღნიშნავს, რომ ურჩევნია გარეთ თამაში.

გოგონები

ბიჭები

მეორე კითხვა: „რომელ თამაშებს თამაშობ?“ პასუხები გვიჩვენებს, რომ  გოგონები და ბიჭები უპირატესობას ანიჭებენ სხვადასხვა თამაშს. გოგონები ძირითადად ასახელებენ შემდეგ თამაშებს: თოჯინები, დედა – შვილობანა, ექიმობანა, მასწავლებლობანა, სტილისტობანა, პრინცესობანა და სხვა. რაც შეეხებათ ბიჭებს, ყველაზე ხშირად ისინი ასახელებენ შემდეგ თამაშებს: კუბიკებით აშენება, ლეგო, ფეხბურთი, ომობანა, მანქანებით, რობოტებით თამაში, პოლიციელობანა და ა. შ. კუბიკებით თამაშს და ექიმობანას ორივე ჯგუფი მიმართავს, თუმცა, გოგონებთან შედარებით, ბიჭების გაცილებით მაღალი პროცენტი თამაშობს კუბიკებით.

გოგონები

ბიჭები

მესამე კითხვა: „რას აკეთებ თამაშის დროს?“ ბავშვების პასუხებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აქაც არის განსხვავება გენდერული კუთხით. კერძოდ, გოგონები თამაშის პროცესში დაკავებული არიან აქტივობებით, რომლებიც დაკავშირებულია სხვაზე ზრუნვასთან და საოჯახო საქმიანობასთან: „ვაჭმევ თოჯინას,“ „სიცხეს ვუზომავ ავადმყოფს,“ „ვაცხობ ტორტს,“ „ვამეცადინებ თოჯინას.“ თუ გოგონების პასუხებს შევადარებთ ბიჭების პასუხებთან, დავინახავთ, რომ  მათთან შეიმჩნევა მეტი ფიზიკური აქტივობა: „დავრბივარ,“ „ვხტუნავ,“ „.კუბურებით ვაშენებ სახლებს,“ „ბურთს ვთამაშობ.“ ასევე, არის აქტივობა, რომელიც ჩანს ორივე სქესის ბავშვების პასუხებში და ესაა კუბურებით თამაში, თუმცა, მეტია ამ აქტივობით დაკავებული ბიჭების რაოდენობა.

გოგონები

ბიჭები

მეოთხე და მეხუთე კითხვა: „ვინ ხარ შენ თამაშის დროს?“ და „ვისი როლის თამაში გიყვარს ყველაზე მეტად?“ თუ შევხედავთ გოგონების პასუხებს, ჩანს, რომ ძირითადად, ისინი ირჩევენ ქალის ტრადიციულ გენდერულ როლებს: „დედა,“ „მასწავლებელი,“ „.ექიმი,“ რომელსაც ემატება ზღაპრული გმირების და თანამედროვე როლები: „სტილისტი,“ „ფერია,“ „პრინცესა.“ ბიჭების პასუხების მიხედვით, ისინი ირჩევენ მამაკაცის ტრადიციულ პროფესიებთან დაკავშირებულ და ასევე, ფილმების და მულტფილმების გმირების როლებს: „ჯარისკაცი,“ „პოლიციელი,“ „მშენებელი,“ „სპაიდერმენი,“ „სუპერმენი,“ „კუ ნინძა,“ „სონიკი“ და სხვა. ასევე, ჩანს, რომ გოგონებიც და ბიჭებიც უფრო თამაშობენ იმ როლებს, რომლებიც უყვართ.

გოგონები

ბიჭები

მეექვსე კითხვა: „რა სათამაშოები გაქვს?“ ამ კითხვაზე ბავშვების პასუხებში ნათლად ჩანს, რომ სათამაშოები დღესაც გენდერულად დიფერენცირებულია და ორივე სქესის ბავშვები სათამაშოს ირჩევენ ამის მიხედვით. კერძოდ, დასმულ კითხვაზე გოგონები იძლევიან შემდეგ პასუხებს: „თოჯინები,“ „სამზარეულოს ავეჯი,“ „ფუმფულა სათამაშოები,“ „აკვანი,“ „სათამაშო ბოსტნეული,“ „ცხოველები,“ „.კუბიკები.“ბიჭების პასუხებშიც ჩანს, რომ ისინიც ირჩევენ გენდერულად დიფერენცირებულ სათამაშოებს: „მანქანები,“ „თოფები,“ „ლეგოები,“ „სათამაშო ფეხბურთელები,“ „ბურთი,“ „სათამაშო ჯარისკაცები,“ „ტრაქტორი,“ „ბეტმენი,“ „კუბურები,“ „დინოზავრები“ და სხვა. თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ არის სათამაშო, რომელიც აქვთ ორივე სქესის ბავშვებს – ესაა კუბურები. 

გოგონები

ბიჭები

ვფიქრობთ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომ გოგონების მცირე ნაწილი აღნიშნავს, რომ აქვს სათამაშო მანქანებიც, მაშინ როცა არცერთი ბიჭი არ ამბობს, რომ აქვს თოჯინა. ასევე, ბიჭების საკმაოდ დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ აქვს ლეგო, მაგრამ არცერთი გოგონა არ ახსენებს ლეგოს. შესაძლებელია, ეს უკავშირდებოდეს  უფროსების და თანატოლების გავლენას, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებში სათამაშოებისადმი უპირატესობის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენენ უფროსები. კვლევებით დადგენილია, რომ მშობლები უფრო პოზიტიურად რეაგირებენ, როცა ბავშვი, განსაკუთრებით ბიჭი, თამაშობს თავისი სქესის შესატყვისი სათამაშოებით. სკოლამდელები, რომლებიც არ თამაშობენ საკუთარი სქესის შესატყვისი სათამაშოებით, ხშირად განიცდიან კრიტიკას ან იგნორირებას თანატოლების მხრიდან.

მეშვიდე კითხვა: „ვისთან ერთად თამაშობ უფრო ხშირად?“ ორივე სქესის ბავშვების პასუხებიდან ჩანს, რომ ძირითადად, ისინი თამაშობენ თავისივე სქესის თანატოლებთან, რაც ადასტურებს გენდერული სეგრეგაციის არსებობას უფროს სკოლამდელებთან, რომელიც გოგონებში ჩნდება მესამე წლიდან, ხოლო ბიჭებში - მეოთხე წლიდან და უფროს სკოლამდელ ასაკში გამოხატულია ძალიან ნათლად. ბავშვების პასუხებიდან ჩანს, რომ გარდა თანატოლებისა, თამაშობენ და – ძმებთან, ბებია – ბაბუებთან. გარდა ამისა, გოგონების პასუხებიდან ჩანს, რომ ისინი თამაშობენ მარტოც, თავის თოჯინებთან, ხოლო ბიჭების შემთხვევაში, მარტო თამაშის ფაქტი იყო მხოლოდ ერთი.

გოგონები

ბიჭები

რაც შეეხება შედეგების ანალიზს ბათუმი – ქობულეთის მიხედვით, ფაქტიურად, არ გამოვლინდა არსებითი განსხვავებები, ორივე ჯგუფის გოგონები იძლეოდნენ მსგავს პასუხებს და იგივე სიტუაცია იყო ბიჭებთან.

როგორც აღვნიშნეთ, ჩავატარეთ ინტერვიუ მასწავლებლებთან და მშობლებთან. მათი პასუხების ანალიზი აჩვენებს, რომ ბავშვების ნათქვამი მთლიანობაში, ემთხვევა მასწავლებლისა და მშობლების ნათქვამს და დასტურდება, რომ გოგონებისა და ბიჭების თამაშებში არსებობს გენდერული განსხვავებები. ჩვენი აზრით, ეს დაკავშირებულია გენდერულ სოციალიზაციასთან, რომელიც იწყება ბავშვის დაბადებისთანავე, როცა მშობლები იწყებენ ბავშვის აღზრდას საზოგადოებაში არსებული „ქალურობის“ და „მამაკაცურობის“ შესახებ არსებული წარმოდგენების შესატყვისად.

ქეთევან ბერიძე, ასოცირებული პროფესორი

რუსუდან კეჭაყმაძე, ასოცირებული პროფესორი

შორენა მესხიძე, ასისტენტი

თანამედროვე მედიატექნოლოგიებისა და  ინტერნეტთამაშების გავლენა სკოლამდელი ასაკის ბავშვების ემოციებზე

თანამედროვე მასმედია და კომპიუტერული ტექნოლოგიები ინფორმაციის გადაცემის, კულტურული და საგანმანათლებლო კონტაქტების მძლავრ  საშუალებას და პიროვნების შემოქმედებითი  განვითარების   ფაქტორს წარმოადგენს. ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება იწვევს კომპიუტერის   მომხმარებელთა   ასაკობრივი ზღვარის ცვლილებას. დღეს, სკოლამდელი  ასაკის  ბავშვების  აბსოლუტური უმრავლესობა უკვე ფლობს კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან კომუნიკაციის საბაზისო უნარებს.   ეს კომუნიკაცია იწყება კომპიუტერული თამაშებით, რომლებიც იზიდავს ბავშვებს და ისინი უფრო და უფრო ხშირად ეძებენ მონიტორის ეკრანს, ვიდრე საკუთარ, რეალურად არსებულ   სათამაშოებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სკოლამდელი ასაკი არის პერიოდი, როდესაც ბავშვის პიროვნება აქტიურად   ვითარდება.  ამ პერიოდის წამყვანი აქტივობაა როლური თამაში, რომელიც  სხვა აქტივობებთან ერთად ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების ძირითადი მახასიათებლების ჩამოყალიბებას.  თამაში, როგორც აქტივობის წამყვანი ტიპი, განსაზღვრავს ბავშვის განვითარების ახალ ასაკობრივ ეტაპზე გადასვლას.  თამაშში ბავშვი ვითარდება, სწავლობს სხვა ადამიანთან კომუნიკაციას, რეალობის გაგებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის.  ბავშვი ეუფლება კოგნიტურ უნარებს, თანატოლებთან კომუნიკაციას - თანამშრომლობას, მოლაპარაკებას,   მოსმენას.  თამაში ხელს უწყობს ბავშვების შემეცნებითი აქტივობის განვითარებას, ხელსაყრელი ემოციური ფონის შექმნას, ინდივიდის სოციალიზაციას. 

კომპიუტერი, როგორც ინფორმაციის დამუშავების ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტი, ასევე შეიძლება იყოს მძლავრი ტექნიკური ინსტრუმენტი სწავლებისთვის და შეუცვლელი ასისტენტის როლი შეასრულოს სკოლამდელი აღზრდის  საქმეში. დღესდღეობით სამი წლის ბავშვები უკვე დამოუკიდებლად იყენებენ ტექნიკურ საშუალებებს: თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, უყურებენ ტელეგადაცემებს, ცვლიან არხებს, თუ არ მოსწონთ გადაცემა ან მულტფილმი. მასმედია აყალიბებს არაფორმალური განათლების სისტემას  და ქმნის პირობებს  ინდივიდის განვითარებისთვის.  მიუხედავად პროგრესირებული რეალობისა,  ადამიანებზე მედიატექნოლოგიების  გავლენის  ფაქტორები, ჯერ კიდევ  შესწავლის სტადიაშია. ხშირად გვესმის კომპიუტერების მომხმარებელთა ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე,   ფსიქიკური აშლილობების სხვადასხვა ფორმის შესახებ, რაც შესაძლოა  ციფრული ტექნოლოგიების ნეგატიური  ზემოქმედების შედეგია.  მოსაზრებები ხშირად  ფრაგმენტული და წინააღმდეგობრივია.  მსჯელობის ლოგიკა ასეთია: ვინაიდან არ არსებობს ზიანის ცალსახა მტკიცებულება, მაშინ თავად ზიანიც არ   ფიქსირდება.  ამასთან, ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოქვეყნებული მონაცემები ბავშვების ფსიქიკაზე, მათ ემოციებზე  კომპიუტერის სტრესული ზემოქმედების შესახებ. ბევრი მშობელი, რომელთა   შვილები კომპიუტერული ტექნოლოგიების აშკარა გავლენას   განიცდიან,       ხშირად ვერ აცნობიერებენ პრობლემის სერიოზულობას, სწორად ვერ აფასებენ მეცნიერების მიღწევას და  რეალობის თავიდან აცილების გზით  ცდილობენ პრობლემის იგნორირებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვი ხშირად ჩერდება ინფანტილური აუტიზმისა და ეგოცენტრიზმის სტადიაზე: აღმოჩნდება, რომ ის უგრძნობია ზრდასრულთა რეალური სამყაროს აქტუალური მოთხოვნების მიმართ.

წინამდებარე ნაშრომში ტესტებისა და ფსიქოლოგიური კვლევის მეთოდების შესაბამისად, ასახულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე კომპიუტერული თამაშების ფსიქოლოგიური ზეგავლენის ანალიზის შედეგები.    შეფასებულია, თამაშების დადებითი და უარყოფითი მხარეები,  შესწავლილია   თანამედროვე მედიატექნოლოგიებზე  დამოკიდებული ბავშვების ემოციური მდგომარეობა,   წარმოდგენილია  პრობლემები, რაც კვლევის  მსვლელობისას გამოიკვეთა.  ასევე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო კოვიდ 19 პანდემიის პირობებში, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, როდესაც  სკოლამდელი ასაკის ბავშვებს  უფრო ხშირად უწევდათ  ონლაინ ტექნოლოგიებთან  ურთიერთობა,   აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო  მეტი დატვირთვა  და ფსიქოლოგიური ღირებულება მიენიჭა.  ვფიქრობთ,  მნიშვნელოვანია, რომ   მომავალი თაობის მენტალური  ჯანმრთელობისა და დადებითი ემოციების ფორმირებისათვის, მედია ტექნოლოგიების ზიანის შესამცირებლად,   სპეციალისტების მიერ  შესაბამისი  სტრატეგიები  იქნას  დასახული.    

გურანდა შამილიშვილი, ასისტენტ პროფესორი

შორენა მესხიძე, ასისტენტი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა