გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მოგზაურობა ისტორიულ საქართველოში

სურათი

ვიცით, რომ ისტორიის ცოდნა უპირველესია. ამავდროულად, ცალსახად მნიშვნელოვანია ისიც, თვალი შევავლოთ და მოვეფეროთ იმას, რაც ვიზუალურად ნახვას ექვემდებარება. აქ აღქმის ფენომენი კიდევ ცალკე ამბავია. ამჯერად გაღმა დარჩენილ უძველეს ქართულ კულტურაზე გესაუბრებით. დიახ, ჩვენი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში იწყება. წინამძღოლობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი როინ მალაყმაძე გვიწევს. ჯგუფის წევრებიც უნივერსიტეტისთვის ძირითადად ნაცნობი სახეები არიან. სტუმარიც გვყავს - კიევის უნივერსიტეტის დოქტორანტი ოლგა პიხოვა, რომელიც ისევ და ისევ ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, ამჟამად ბათუმში ცხოვრობს და მე-20 საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. წინ დიდი თავგადასავალია, რომელიც ერთხელ თუ დაიწყე, წერტილს ვერ დასვამ. მაგალითად, ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სულხან მამულაძე, ამ თავგადასავლისთვის უკვე ოცდამეცხრეჯერ არის მზად...

 

_ ბატონო როინ, თქვენ ხშირად მოგზაურობთ. დღევანდელი განწყობა როგორია?

_ ჩვენს ყველა მოგზაურობას განსხვავებული დატვირთვა და ნიშა აქვს. ეს ის მხარეა, სადაც ყოველთვის გული მოიჩქარის. დღევანდელი განწყობა ამაღელვებელი, ემოციური და განსაკუთრებულია. ეს გამოწვეულია ჯგუფის შემადგენლობითა და მათი ტაო-კლარჯეთისადმი დამოკიდებულებით. აქ შემთხვევითი არავინაა, ყველას თავისი წვლილი მიუძღვის ამ მხარის ისტორიისა და კულტურის როგორც კვლევაში, ასევე მის პოპულარიზაციაში. მე მიხარია, რომ მათთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმოგზაურებ იმ მხარეში, სადაც ერთხელ თუ მოხვდი, შემდეგში ყოველთვის გინდა რომ იმოგზაურო.

 _ დღე პირველი... არტანუჯი, ტბეთი, ოპიზა, დოლისყანამცირე ისტორიული რაკურსი როინ მალაყმაძისგან, - სხვა დანარჩენი უნდა ნახოთ....

_ მოგზაურობის გეოგრაფიაც შესაბამისად არის გადანაწილებული, სახელწოდება „ტაო-კლარჯეთი“, ხომ პირობითი ცნებაა. იგი აღნიშნავს იმ მიწა-წყალს, რომელსაც ისტორიული მესხეთი, ზემო ქართლი , უფრო ზუსტად მესხეთის ძირითად ნაწილს, რომელიც დღეს 1921 წლიდან თურქეთის სახელმწიფოს ფარგლებშია.  თურქეთ-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა, ხელს უწყობს ამ მხარის შესწავლასა და პოპულარიზაციას.

პირველი დღე თავისთავად კლარჯეთს ეკუთვნის, რომელიც ერთ დროს შავიზღვისპირეთამდე აღწევდა. აქედან დაიწყო ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა, აქედან დაიწყო ტაო-კლარჯეთის მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრება.  ამიტომაც, ჩვენი მოგზაურობის დასაწყისიც მიუვალი არტანუჯის ციხე-სიმაგრე გახლდათ.  ციცაბო ბილიკის მიუხედავად, ჯგუფის ყველა წევრმა შეძლო ქართველთა სამეფოს თავდაპირველი სატახტო ქალაქის ნახვა.

სიამაყისა და სინანულის განცდა გეუფლება ტბეთისა და ოპიზის ტაძრების მონახულებისას. თითქოს და ორივეს ერთნაირი ბედი ჰქონიათ. ჯერ იყო და გადაუწვავთ, შემდეგში გზის გაყვანის საბაბით აუფეთქებიათ კიდევაც; მაგრამ  დროისა და ადამიანის სიავეს უძლებენ უძველესი ქართული მონასტრები. ოპიზა, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული, პირველი კერაა, სადაც კლარჯეთს გადასული გრიგოლი, რომელიც შემდგომ დიდ აღმაშენებლად გვევლინება და იწოდა ხანძთელად, სადაც მოღვაწეობდნენ დიდი ოქრომჭედლები _ ბექა და ბეშქენ ოპიზარები; ასევეა ტბეთიც - საბა მტბევარის სამკვიდრო, ერთდროს უზარმაზარი კომპლექსი, ოქროსმაძიებელთა მიერ მრავალჯერ გადათხრილი და ნაწვალები   დღემდე აოცებს მნახველებს, რომელთაგან ძალიან ბევრი უცხოელია.

_ დღე მეორე... იშხანი, ბანა, ხახული, ოშკი... ქრონიკა ისტორიის კვალდაკვალ...

_ ვიცოდი, რომ ჩემი კოლეგებისათვის სულ სხვა განწყობა იქნებოდა აღდგენილი და გადარჩენილი იშხნის სამონასტრო კომპლექსის ნახვა. ეს მართლაც ასე იყო. ერთადერთი ადგილი, სადაც ქართული წარწერა გმასპინძლობს და გემშვიდობება: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ და „ნახვამდის“. სამწუხაროა, ის რომ თურქეთის მხარის მიერ ნაპატრონებ ტაძრის კედლებზე, ისევ გაჩნდა „თანამედროვე“ ქართველების ამოტვიფრული სახელები.

 ოლთისის წყლის მოვლილი და ნაპატრონები ველ-მინდვრების შემდეგ დანგრეული ბანას ტაძრის ნახვა უფრო მეტად გთრგუნავს და გაბრუნებს წარსულში. გამომშვიდობება, მარტოდ დატოვება,  რომ გენანება ეს ის ადგილია. განსხვავებული არქიტექტურული სტილი გიპყრობს და წარსულში გაბრუნებს: დავით კურაპალატის ძეს ადარნასეს აქ დაუარსებია პირველი საეპისკოპოსო კვირიკე ბანელის ხელით. კვირიკე ბანელი გამხდარა პირველი ეპისკოპოსიც. აქ დაუწერია ჯვარი ბაგრატ მეოთხეს ბიზანტიის იმპერატორის დაზე, ელენეზე.  ეს ტაძარი ყოფილა ეპისკოპოსებისა და ქართველი მეფეების განსასვენებელიც...

მეჩეთმა გადაარჩინა მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ხახულის  ტაძარი.  ძნელია მისი სილამაზის აღქმა, ხახულის ღვთისმშობლის მოლოცვა, კედელზე მიყრდნობილი არწივის მზერის დაჭერა. გერიდება დაუმარცხებელ და გამარჯვებული საქართველოს სიმბოლოს, თვალი გაუსწორო თანამედროვე საქართველოდან.

ოშკის დიდებულ ტაძარს რამდენჯერაც უნდა ეწვიო, ისეთი განცდა გეუფლება თითქოს პირველად ნახე.  დიდია მისი ნახვით გამოწვეული ემოციები. უფრო მეტ სიახლეს პოულობ, ფერადოვანი წარწერები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები გოლიათ ტაძარს უფრო მეტ სიდიადეს მატებს.

საინტერესოა, რას ფიქრობდა ტაძრის ხუროთმოძღვარი - უცნობი ერისკაცი,  რომელმაც თავისი რელიეფური გამოსახულება ტაძარზე გამოკვეთა და სახელი არ დაგვიტოვა.

_ დღე მესამე... პარხალი, ოთხთა,  დატბორილი იუსუფეველი, კავკასიძეების ციხე... ჩვენ ისევ მოვალთ...

_ განსაკუთრებული ემოციები გეველოდა მესამე დღეს.

პარხალის წყლის ხმაური უნდა გაგვეგო. მთებში ჩაკარგული პარხალის აღდგენილი ტაძრის მონახულებას განსკუთრებით ველოდებოდით.

პარხალის ეკლესია სოფლის მთის ფერდობქვეშ დგას. ტაძრის მასშტაბი, ნავისებური სახურავი, ცამდე აწვდილი მაღალი კედლები, პეიზაჟს განსაკუთრებულად ეხამება. ფერადოვანი საღებავებით შესრულებული წარწერები და მარაოსებური ორნამენტები უფრო მეტად საინტერესოს ხდის ტაძარს.

ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ბურსის ვილაიეთიდან ჩამოსული მუჰაჯირი ქართველები ტაძრის სანახავად მოსულიყვნენ. სიამოვნებდათ დანთებული სანთლებისა და გალობის მოსმენა.

ჩვენი ჯგუფის წევრები მოუთმენლად ელოდნენ დაძირული ქალაქისა და კლდეზე გაშენებული ახალი იუსუფელის ნახვას. ბევრმა საინტერესო ისტორიებიც გაიხსენა.

გზად ჩასაძირად განწირულ კავკასიძეების ციხესა და ტაძარს გამოვემშვიდობეთ. ყელზე ებჯინებოდა წყალი ტაძარს.

მოგზაურობის ბოლო აკორდი ოთხთას დიდებულ ტაძარი იყო. სავარაუდოდ, ოთხი მახარებლის სახელზე აგებული ტაძარი პარხლის ტაძართან ერთად დიდი ზომის ბაზილიკაა ქართული არქიტექტურის ისტორიაში. იგი დავით კურაპალატის ზეობის მორიგი მწვერვალია.

სამწუხაროდ, წვიმისგან დაღვარული და დამეწყრილი, „ოქროსმაძიებელთა“ მიერ საკმაოდ გადათხრილ-გადმოთხრილი,  ათასი წამხდურის მიერ დატოვებული „წარწერები“, გულს გიკლავს და გენანება. ამავდროულად გარწმუნებს, რომ უფრო ხშირად უნდა მოხვიდე მისი დიდების სანახავად.

_ ბატონო როინ, რას ეტყვით აქაურ და იქაურ ქართველობას?

_ ეს ის ადგილებია, რომელსაც აქაურმა და იქაურმა ქართველობამ განსაკუთრებულად უნდა მოუარონ და უპატრონოს. ბევრს ეზარება, ბევრმა არც კი იცის ამ მხარის მნიშვნელობა. მე კი მიმაჩნია, რომ აქ ყველა ქართველი უნდა მოვიდეს, რომ შეიგრძნოს ჩვენი ქვეყნის  წარსულის დიდება და დღევანდელობა.

_ რას ნიშნავს თქვენთვის ისტორიული მეხსიერება?

_ ეს არის ისტორიული სინამდვილის აღქმა და გააზრებაა!

_ როინ მალაყმაძის სურვილი

_ ტაო-კლარჯეთი ერთი უზარმაზარი სამყაროა, რომელსაც ვერასოდეს მოილევ, ამოწურავ. ეს ერთი დიდი ისტორიაა, რომლის მოყოლა თუ დაიწყე, ვერ დაასრულებ. ერთი დიდი ქვეყანაა, რომლის მონახულება-მოგზაურობა თუ დაიწყე, ვერ გაჩერდები...

ეს არის ხიდი იქაური და აქაური ქართველებისათვის. ამიტომაც მინდა ბევრი ქართველი ჩავიყვანო პირადად მე და ვამოგზაურო ისტორიულ საქართველოში, ბევრი იქაური ქართველი ჩამოვიყვანო თანამედროვე საქართველოში სამოგზაუროდ....

არ დავიღლები!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა