გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

გამარჯვებული სასწავლო-კვლევითი პროექტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. სამი ნომინაცია და რვა გამარჯვებული - ეს ჩვენი უნივერსიტეტის შედეგია სამეცნიერო საქმიანობაში.

,,აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ქერქიჭამიების გავრცელების თანამედროვე მდგომარეობა და სახეობათა იდენტიფიკაცია“, - ამ სათაურით წარადგინა სასწავლო- კვლევითი პროექტი ბიოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტმა მარიამ ბერიძემ. მისი ხელმძღვანელი ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქალბატონი გუგული დუმბაძე გახლავთ, ხოლო სამეცნიერო კონსულტაციას თემელ გოქთურქი, ართვინის უნივერსიტეტის პროფესორი უწევდა. მაგისტრანტი და ხელმძღვანელი ამბობენ, რომ მათ წინ  ხანგრძლივი და საინტერესო ერთობლივი საქმიანობა ელით.

_ ქალბატონო გუგული, თქვენმა სასწავლო-კვლევითმა პროექტმა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა. გთხოვთ, უფრო დეტალურად გვესაუბრეთ,  გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე...

_ ჩვენი კვლევის მიზანი საქართველო-თურქეთის მოსაზღვრე ზოლის წიწვოვნებში ქერქიჭამიების   გავრცელების დღეს არსებული მდგომარეობის, ბიოლოგიურ-ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლა და მათი სახეობრივი იდენტიფიკაციაა.

ჩვენი კვლევა მაღალმთიან აჭარაში, ჩირუხის ტყესა და მის მოსაზღვრე, შავშეთის ტყეში უნდა განხორციელდეს. ეს კი გვიან გაზაფხულამდე შეუძლებელია. ამიტომ, მანამდე მარიამი კვლევისათვის საჭირო  საველე და ლაბორატორიულ აღჭურვილობას შეიძენს, დაამუშავებს ლიტერატურას, დაზუსტდება მეთოდოლოგია. ველზე მუშაობისას კი, საზღვრის ორივე მხარეს შეირჩევა ლოკაციებს ფერომონიანი ხაფანგების განსათავსებლად.  საჭიროა ყოველკვირეული მონიტორინგი, ხაფანგების შემოწმება და მწერების  ამოყვანა  შესაბამისი აღჭურვილობით, რათა არ მოხდეს მწერების  დაზიანება, განხორციელდება მათი რაოდენობის შეფასება აწონვის გზით.  ამის შემდეგ, ლაბორატორიულ პირობებში  მიკროსკოპისა და სარკვევების  გამოყენებით განხორციელდება სახეობათა იდენტიფიკაცია.  მოხდება ახალ სახეობათა გამოვლენა, დადგინდება მავნებლის გავრცელების ინტენსივობა და ტყის თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა.

_ პროექტის ფარგლებში თქვენ ბსუ-ს მაგისტრანტს უხელმძღვანელებთ და ,,აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ქერქიჭამიების გავრცელების თანამედროვე მდგომარეობისა და სახეობათა იდენტიფიკაციის“ საკითხებს შეისწავლით. აღნიშნული საკითხები რამდენად აქტუალური და პრობლემურია დღეს?

_ საქართველოს წიწვოვანი ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები დიდ ეკონომიკურ და ეკოლოგიური საფრთხეს უქმნიან წიწვოვანი ტყის ადგილობრივ სახეობებს და ბიომრავალფეროვნებას.  ისინი განსაკუთრებით საშიში ინვაზიური მავნებლებია, რომლებიც წიწვოვნებიდან განსაკუთრებით სახლდებიან ნაძვზე. ჩვენში გავრცელებული ნაძვის ერთადერთი სახეობა - აღმოსავლური  ნაძვი კი, მავნებელ-დაaვადებების   მიმართ მეტად მგრძნობიარეა. 

კლიმატის ცვლილების შესაბამისად, მოსალოდნელია მათი რაოდენობისა და გავრცელების მკვეთრი ზრდა, რაც ურყოფითად აისახება გარემოზე, ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაზე. აჭარის ტყებში ქერქიჭამიების უარყოფითი ზემოქმედებით გამოწვეული ზიანი ეკოლოგიური და ეკონომიური თვალსაზრისით ძალზე დიდია. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ქერქიჭამიების ოჯახში შემავალი მავნებლების ბიოლოგიური თავისებურებების დეტალური შესწავლა, მათი იდენტიფიკაცია  აუცილებელი და საჭიროა, როგორც მათ წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების სწორად დაგეგმარების მიზნით, უცხო ქვეყნიდან მავნებლის უცხო სახეობის მიგრირების შესაძლებლობის გასაანალიზებლად, ასევე ეკოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოების თვალთახედვით.

_ როგორც ვიცით, სამეცნიერო პროექტში ართვინის უნივერსიტეტის პროფესორი, თემელ გონთურქია ჩართული. უცხოელი კოლეგის პროექტში ჩართულობაზეც რომ გვესაუბროთ და მოგვიყვეთ აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში საკვლევ ლოკაციაზე...

_ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია, ბათუმის უნივერსიტეტსა და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტს შორის უკვე 15 წელია გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნულმა და ასევე, „მევლანას“ გაცვლითმა პროგრამამ 2013 და 2015 წლებში, მოგვცა საშუალება, დაგვეგეგმა ერთობლივი თანამშრომლობა. სწორედ ამის დასტურია ამ ორ უნივერსიტეტს შორის განხორციელებული კვლევები, კონფერენციები, საზაფხულო სკოლები, ერთობლივი სტატიები და სხვა.  მიმაჩნია, რომ როცა უნივერსიტეტებს შორის ტრანსსასაზღვრო ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია სწორედ გარემოს კვლევა, რაც საერთოა ორივე ქვეყნისთვის. რადგანაც საზღვრის ორივე მხარეს თავისუფლად ხორციელდება მავნებლის მიგრირება.  სწორედ, ამ თვალთახედვით დაიგეგმა ერთობლივი პროექტი - „საქართველო-თურქეთის ტრანსსასაზღვრო ზოლის  ძირითადი მავნებელ-დაავადებათა“, რომლის ფარგლებშიც პირადად, ჩემი და პროფესორ თემელ გოქთურქის ხელმძღვანელობით მომზადდა ორი და მიმდინარე პერიოდში  მზადდება 2 სამაგისტრო ნაშრომი, გამოქვეყნებულია 10-ზე მეტი ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი, ერთობლივად ვმონაწილეობთ  სამეცნიერო კონფერენციებზე და სხვა.  

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს ართვინის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის  სტუდენტთა 15-კაციანი ჯგუფის ვიზიტი ართვინის უნივერსიტეტში. სხვა აქტივობებთან ერთად ბატონმა თემელმა სტუდენტებს დაათვალიერებინა თავისი ლაბორატორია და გააცნო კვლევის მეთოდები. განსაკუთრებული იყო მარიამის ინტერესი ამ მხრივ. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, აღნიშნულ კვლევაში მისი ჩართვის შესახებ. 

მნიშვნელოვანია, რომ კვლევის ადგილად არჩეულია  შუახევის მუნიციპალიტეტში ჩირუხის ტყე, რომლის მოსაზღვრეა თურქულ მხარეს შავშეთის სატყეო სააგენტო. მოსაზღვრე ორივე მხარეს განლაგდება ფერომონიანი ხაფანგები. თურქეთში საველე გასვლების დროს შეგროვებული მავნებლის იდენტიფიკაცია განხორციელდება ართვინის უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ კვლევით ცენტში.  გარდა ამისა, ქართულ მხარეს, ჩვენი მხარდამჭერია აჭარის სატყეო სააგენტოს სსიპ “აჭარის სატყეო სააგენტო”-ს ტყის მავნებელ დაავადებათა  წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, რეზო ვასაძე. 2022 წელს საკვლევ თემასთან დაკავშირებით, უკვე გვქონდა რამდენიმე საველე გასვლა შუახევის მუნიციპალიტეტში (თუმცა არა სასაზღვრო ზოლში). შემდგომი კვლევა კი გაგრძელდება გაზაფხულზე, როგორც კი ტყეში გასვლა შესაძლებელი გახდება.

_ აღნიშნულ ზოლში ქერქიჭამიების მასიურ გავრცელებას რა უარყოფითი შედეგები მოაქვს და სად ვლინდება საქართველოში ქერქიჭამიების ძლიერი კერები?

_ საქართველოს წიწვოვან ტყეებს  ქერქიჭამიები  ებრძვიან დაახლოებით XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე და ეს საკითხი აქტუალობას არ კარგავს დღეს.  საყურადღებოა, რომ მავნებელმა XX საუკუნის 30-იანი წლებიდან უკვე 40-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ზოგიერთი რაიონის ნაძვის კორომებში ასეულათასობით ძირი ხე გაახმო.

ლიტერატურული წყაროების მიხედვით, ომის დროს, 1941-1945 წლებში ქერქიჭამიებმა საირმეში 1,6 მილიონი კუბური მეტრი ნაძვნარი გაახმო. დღეს იმ ტერიტორიას „წითელი მინდორი“ ჰქვია, ვინაიდან გამხმარი ნაძვები წითლად გამოიყურებოდა. იმ პერიოდში არ იყო შემუშავებული ბრძოლის ბიოლოგიური ან მექანიკური გზები, რომლებიც დაარეგულირებდა მავნებლის რიცხოვნობას და არ გამოიწვევდა გარემოს დაბინძურებას. ამიტომ მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური პესტიციდები. ნაძვნარებში აღნიშნული მწერები დღესაც არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი სამეურნეო ზიანის მოტანა არ შეუძლიათ.  მავნებელი 1952 წლიდან ბაღდადის  სატყეო მეურნეობაში,  2001 წლიდან კი - ბორჯომის ნაძვნარში მასიურად გავრცელდა. მსგავსი სიტუაციაა  დღეისათვის აჭარის ნაძვნარებში. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, შეიმჩნევა პრობლემის კიდევ უფრო გამწვავება, რადგან მავნებლის აქტიურობის, გამრავლების პერიოდი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სწორედ ტემპერატურაზე.

_ რა იწვევს მათ გამრავლებას?

_ ჩვეულებრივ, ქერქის ხოჭოების პოპულაციის სიმჭიდროვე ბუნებრივად რეგულირდება ტყეში პათოგენების, პარაზიტოიდების და მტაცებლების(მწერები, ფრინველები) გავლენით. მაგრამ პერიოდულად ხდება მისი მასიური გამრავლება, რასაც მავნებლის აფუთქარებას უწოდებენ. ასეთ დროს ბუნებრივი მტრების კონტროლის უნარი არ არის საკმარისი.

საყურადღებოა, რომ ქერქიჭამიები სახლდებიან ახლად ქარქცეულ, მოთხრილ-მოტეხილ და სხვადასხვა მიზეზით დასუსტებულ ხეებზე, ჯირკებზე, ტყეში დატოვებულ ნაძვის ნარჩენებზე, ხის მასალის საწყობებსა და  გადამამუშავებელ საამქროებში, გაუქერქავ მორებზე, რომელთა ღერო და ქერქი ჯერ კიდევ ნედლია. მავნებლის მასობრივ გამრავლებას ხელს უწყობს მაღალი ნაყოფიერება, სწრაფი განვითარება, გენერაციის დიდი რიცხვი, გამძლეობა კლიმატური ფაქტორებისადმი, ბიოტური ფაქტორები, არასწორი სამერნეო ღონისძიებები. ამიტომაც, ადამიანმა მავნებელ-დაავადებებით დასახლებული ხეები არ უნდა დატოვოს ტყეში მოჭრილ და მოუჭრელ მდგომარეობაში, ჭრაგავლილ ფართობზე არ უნდა დარჩეს მცენარის ნარჩენები და მავნებლით  დასახლებული ქერქი,  გაუქერქავი ჯირკები,  არ შეიძლება ტყის სიხშირის დაქვეითება და სხვა. მასიური გამრავლების შემთხვევაში მავნებელი უკვე სახლდება ჯანსაღ მცენარეებზეც და იწვევს მის ხმობას.

_ საინტერესოა მავნებლის განადგურების მიზნით რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავენ დღეს?

_ ქერქიჭამია ტიპოგრაფის წინააღმდეგ ბრძოლის დასაგეგმად, თავდაპირველად მათი მონიტორინგია საჭირო. ამისთვის კი ეფექტურია ფერომონიანი მწერსაჭერი ხაფანგების განთავსება, ასევე იყენებენ ძვირადღირებულ საჰაერო კვლევებსა და დისტანციურ ზონდირებას. ცხადია, ეს უკანასკნელი ჯერ-ჯერობით საქართველოსთვის ძვირი ფუფუნებაა. ამიტომ ბუნებრივ მტრებთან ერთად, ფართოდ გამოიყენება მწერსაჭერი ფერომონიანი ხაფანგები, მწერების შეგროვება და დაწვა. ასევე, დაავადებული ხეების მოჭრა, გაქერქვა, ხის ნარჩენების შეგროვება და დაწვა, ხის ირგვლივ სამი მეტრის რადიუსზე პესტიციდის მოსხმა და სხვა.

_ და ბოლოს, ქალბატონო გუგული, რა შედეგებს უნდა ველოდოთ სასწავლო-საკვლევი პროექტის დასრულების შემდეგ?

_  პირველი და მთავარი შედეგი სამაგისტრო ნაშრომის ღირსეული შესრულება იქნება, სტუდენტი კვლევის შედეგებს წარადგენს საერთაშორისო კონფერენციაზე, გამოაქვეყნებს შესაბამის სტატიას მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში. თვით ჩატარებული კვლევა შესაძლებლობას მოგვცემს, დავადგინოთ აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ნაძვის ქერქიჭამიების გავრცელების თანამედროვე მდგომარეობა, ვიმსჯელოთ საზღვრის ერთი მხრიდან მეორეში მათი მიგრაციის შესაძლებლობაზე; საზღვრის ორივე მხარეს ხაფანგებში მოხვედრილი მავნებლის იდენტიფიკაციით დავადგენთ ახალი სახეობების არსებობა-არარსებობას, დაიგეგმება მავნებელის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი გზები.  მიღებული შედეგები და რეკომენდაციები გადაეცემა ორივე ქვეყნის შესაბამის სატყეო სააგენტოს. საბოლოოდ, ეს იქნება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი წიწვოვნებზე ზიანის შემცირების,  და შესაბამისად, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევაქო მარიამი. ის ღირსეული გოგოა. გამიმართლა, რომ ხელმძღვანელად ამირჩია. იშვიათად გვყავს ასეთი ჭკვიანი, ინტერესიანი, პრაქტიკულად გამოცდილი და კვლევის სფეროს მიმართულებით დასაქმებული ახალგაზრდები.

მარიამ ბერიძე მაგისტრატურაში სწავლის პარალელურად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს.

_ ჩემი მიზანია,  გავხდე ენტომოლოგი, რათა  შევისწავლო მწერების-უხერხემლო ცხოველების  კლასი, რადგანაც  ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთი  მრავალრიცხოვანი კლასია  და გამოირჩევა  დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ვთვლი, რომ მწერების შესწავლა  მეცნიერებისთვის  ფუნდამეტურ ნაწილს წარმოადგენს, რადგანაც მათი ბიოლოგიური როლი ბუნებაში დიდია.

_ მარიამ, თვქენ როგორც ბსუ-ს ბიოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტმა, სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად სასწავლო-კვლევითი პროექტის - ,,აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ქერქიჭამიების გავრცელების -თანამედროვე მდგომარეობა და სახეობათა იდენტიფიკაცია“  დაფინანსება მოიპოვეთ. გვესაუბრეთ პროექტში თქვენს ჩართულობასა და პროექტის მნიშვნელობაზე...

_ აღნიშული პროექტის განხორციელება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით,  რადგანაც წიწვოვან ტყეებში გასული საუკუნის 30-40-იანი წლებიდან დღემდე, ფართოდ არის  გავრცელებული მავნე მწერები - ქერქიჭამიები, რომლებიც იწვევენ ნაძვის როგორც კერობრივი, ისე გაფანტული ტიპის ხმობას. დღეისთვის   როგორც აღმოსავლეთ, ისევე დასავლეთ  საქართველოში შეიმჩნევა  წიწვოვანი მცენარეების ხმობა. სწორედ ამიტომაც, ჩემს ხელმძღვანელებთან - ქ-ნო გუგულისთან და ბ-ნო თემელ გოგთურქთან ერთად გადავწყვიტე  შემესწავლა ,,აჭარა-თურქეთის სასაზღვრო ზოლში ქერქიჭამიების გავრცელების თანამედროვე მდგომარეობა.   სანამ უშუალოდ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, ხელმძღვანელთან ერთად ვიყავი ექსპედიციაში შუახევის  წიწვოვან ტყეებში, სადაც წიწვოვნების მდგომარეობას და აღებული  ნიმუშების  იდენტიფიკაციას ვახდენდით ლაბორატორიულ პირობებში. ამის შემდგომ  გადავწყვიტეთ   ჩვენი პროექტი შეგვეტანა   შოთა რუსთაველის  საქართველოს  ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, სადაც ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა დაინტერესდეს კვლევითი საქმიანობით სტუდენტები და როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა? თქვენი რჩევები სასწავლო-კვლევითი საგრანტო პროექტებით დაინტერესებულ მაგისტრანტებს...

_ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დაინტერესება კვლევითი საქმიანობით, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ბიომრავალფეროვნების და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლას, რადგანაც ეს მიმართულებები არის საინტერესო, მრავალფეროვანი, სიახლეებით სავსე და ბუნებასთან სიახლოვე მკვლევარს ეხმარება დადებითი ემოციებით  შეივსოს.

მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის  ბევრი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ იყო აქტიური სტუდენტი, ამისთვის საჭიროა მხოლოდ მონდომება, ინტერესი, შრომა, მიზანდასახულობა და რაც მთავრია, არჩეული პროფესიის სიყვარული.

  სტუდენტებს ვურჩევ, მონაწილეობა  მიიღონ სხვადასხვა სასწავლო-კვლევითი საგრანტო პროექტებში, რადგან მათი სტუდენტური ცხოვრება იყოს  აქტიური,  საინტერესო და მრავალფეროვანი.

_ და ბოლოს, რა შედეგებს ელოდებით აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ?

_ ქერქიჭამიებზე ჩატარებული კვლევა-მონიტორინგი იქნება საერთაშორისო დონის კვლევა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს განვსაზღვროთ მათი რიცხოვნობა საქართველოს ტყეებში და ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი ტყეები, განსაკუთრებით კი წიწვოვნები. წიწვოვანტყებს დიდი ბიოლოგიური როლი აკისრია ბუნებაში.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ საგრანტო პროექტში გამარჯვებული სხვა მონაწილეების შესახებ ვრცელ ინფორმაციას, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა