გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ისტორიული მნიშვნელობის სამეცნიერო პროექტი

სურათი

სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი (აჭარა) არქეოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო რეგიონს წარმოადგენს, სადაც გასული საუკუნის მეორე ნახევარში გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგად, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები აღმოაჩინეს. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქვის ხანის ნამოსახლარებს, რომლებიც დაფიქსირდა აჭარის როგორც შავიზღვისპირა, ისე მთისწინა და მთიან ზოლში. თანამედროვე გეოლოგიური ეპოქის (ჰოლოცენი) დადგომასთან ერთად, იმდროინდელმა ადამიანმა აითვისა ყველა ლანდშაფტურ-კლიმატურ ზოლი და საცხოვრებლად აირჩია მდინარეებთან არსებული ტერიტორია. ერთი ასეთი საინტერესო დასახლებები უნდა გაჩენილიყო მდინარე კინტრიშის ხეობაში, სადაც სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ერთფენიანი ღია ტიპის ნამოსახლარები - სოფელი ქობულეთი და ხუცუბანი.

ამჯერად, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს კინტრიშის ხეობის მეორე გამორჩეულ ძეგლის - ხუცუბნის ნამოსახლარის ინტერდისციპლინურ კვლევას. გასულ წელს, საველე არქეოლოგიური გათხრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. თუმცა, მწირი დაფინანსების გამო, ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. პირველ რიგში ეს ეხება რადიოკარბონულ ანალიზს, პალინოლოგიურ კვლევას და ობსიდიანის გეოქიმიურ ანალიზს. პროექტში დაგეგმილია 2022 წლის საველე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევები. ინფორმაცია, რომელიც კვლევის შედეგად მიიღება იქნება სრულიად ახალი სამეცნიერო საზოგადოებისთვის და ის შეავსებს იმ სიცარიელეს რაც ხუცუბანში მცხოვრები პრეისტორიელი ადამიანის შესახებ გვაქვს.  

პროექტით დაგეგმილი კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესია კავკასიის და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის პრეისტორიაზე მომუშავე მკვლევართათვის. ამ უკანასკნელთა ინტერესი, პირველ რიგში, განპირობებულია დასავლეთ ამიერკავკასიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მიმართ: ქვის ინდუსტრიის წარმომავლობა, მეურნეობა, პალეოკლიმატური გარემო, ადამიანთა მობილობა, აბსოლუტური თარიღები და სხვა.

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გურამ ჩხატარაშვილია. პროექტის განმახორციელებელი პირები ხელმძღვანელთან ერთად, ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და ნინო გოხიძე გახლავთ.

გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი, ბატონი გურამ ჩხატარაშვილი პასუხობს.

_ ბატონო გურამ, თქვენ სამეცნიერო პროექტს  ,,ხუცუბნის უძველეს მონადირე-შემგროვებელთა საცხოვრებელი გარემო და მათი მობილურობა ადრე ჰოლოცენის ხანაში(ძვ.წ. X-VII ათ.)“ ხელმძღვანელობთ. თავდაპირველად,  გვესაუბრეთ პროექტის მიზნებზე, ამოცანებსა და განხორციელების გზებზე...

_ თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელებაში უდიდესი როლი აქვს ბსუ-ს, რომელსაც მსგავსი (და არამარტო!) კვლევების ჩასატარებლად შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, მდიდარი ადამიანური რესურსი, ბიბლიოთეკები და არაერთი სხვა სივრცე გააჩნია. უმნიშვნელოვანესია, რომ უნივერსიტეტი ტრადიციულად ხელს უწყობს ინოვაციური და საინტერესო პროექტების მხარდაჭერას. ჩვენი პროექტის ფარგლებში, მოგვეცა შესაძლებლობა საველე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალაზე ჩაგვეტარებინა კომპლექსური კვლევები.

 როგორც არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დგინდება, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი (აჭარა) არქეოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო რეგიონს წარმოადგენს. გასული საუკუნის მეორე ნახევარში გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგად, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქვის ხანის ნამოსახლარებს, რომლებიც დაფიქსირდა აჭარის, როგორც შავიზღვისპირა, ისე მთისწინა და მთიან ზოლში. თანამედროვე გეოლოგიური ეპოქის (ჰოლოცენი) დადგომასთან ერთად, იმდროინდელი ადამიანი ითვისებს ყველა ლანდშაფტურ-კლიმატურ ზოლს და საცხოვრებლად ირჩევს მდინარეებთან არსებულ ტერიტორიას. როგორც ჩანს, ერთი ასეთი საინტერესო დასახლებები უნდა გაჩენილიყო მდ. კინტრიშის ხეობაში, სადაც სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ერთფენიანი ღია ტიპის ნამოსახლარები - სოფელი ქობულეთი და ხუცუბანი.

2019 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით განახლდა აჭარის რეგიონის პრეისტორიული ძეგლების კვლევა. 2021 წლიდან აღნიშნულ სამუშაოებს აფინანსებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმთან ერთად. საველე სამუშაოები წარმოებს საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის (ექსპედიციის ხელმძღვანელი: გურამ ჩხატარაშვილი) ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობს ქართველი და უცხოელი მკვლევარ-არქეოლოგები.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ხუცუბნის არქეოლოგიური ძეგლის სიღრმისეული კვლევა, რომელშიც გამოყენებული იქნებოდა არქეოლოგიურ მეცნიერებაში დღეისათვის მიღებული სამეცნიერო მეთოდები. ამ მიზნით, ჩატარდა რიგი ლაბორატორიული სამუშაოები, რომლის შედეგადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია სოფელ ხუცუბნის ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ადამიანის საცხოვრებელი პალეოკლიმატური გარემოს, ქვის დამზადების, ასაკის, მეურნეობის და სხვ. შესახებ. რომ არა ბსუ-ს მიერ მხარდაჭერილი აღნიშნული პროექტი, ძეგლზე აღმოჩენილი ნივთიერი მასალის გარდა, ჩვენ ფაქტობრივად, არაფერი გვეცოდინებოდა აქ მცხოვრებ უძველეს ადამიანებზე.

_ როგორია ხუცუბნის უძველეს მონადირე-შემგროვებელთა საცხოვრებელი გარემოს მოკლე ისტორიული ექსკურსი სხვადასხვა ეპოქასა და საზოგადოებაში?

_ თანამედროვე ქობულეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლები მდებარეობს. მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია ქვის ხანით დათარიღებულ ნამოსახლარებს - სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანს. ჩვენი ყურადღება ამჯერად სოფელ ხუცუბანზეა მიმართული, სადაც 2022 წ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით მეტად საინტერესო არქეოლოგიური სამუშაოები ვაწარმოეთ.

ხუცუბნის ნამოსახლარი გასული საუკუნის 60-ია წწ. აღმოჩნდა საველე არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად. გამოვლინდა კაჟისა და ობსიდიანის რამდენიმე ასეული იარაღ-ანატკეცი. ძეგლის პირველშემსწავლელნი მათ ახალი ქვის ხანით ათარიღებდნენ. ეს, რომ ასეა დამტკიცდა ჩვენ მიერ ჩატარებული გათხრების შედეგადაც, სადაც უფრო დაზუსტდა ძეგლის ასაკი. გამოდის, რომ დღეს არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც ამჟამად ქალბატონი მარინე ალის-ასული ბერიძის საკარმიდამოს წარმოადგენს, დაახლოებით 11 000 წლის წინ პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელი უბანი იყო. გათხრების შედეგად აღმოჩნდა ქვის იარაღთა მეტად საინტერესო კოლექცია - საჭრისები, საფხეკები, რეტუშირებული დანები, სატეხები, სახვრეტები და სხვ. დადასტურდა საცხოვრებელი სახლის ბოძის საყრდენი ორმოს ნაშთი, რომლის ფართომაშტაბიანი სამუშაოების შედეგად შეგვეძლება ზუსტად განვსაზღვროთ დროებითი საცხოვრებელი სახლის ფორმა. როგორც კვლევებმა დაადასტურდა, ხუცუბნის ნამოსახლარზე ცხოვრების კვალი ბრინჯაოს ეპოქაშიც ყოფილა, რაც დამტკიცდა ხის ნახშირების რადიოკარბონული ანალიზის შედეგად. არაა გამორიცხული, რომ მომავალში წარმოებული სამუშაოების შედეგად კიდევ უფრო მეტი სინათლე მოეფინოს მიწის ნაკვეთის ისტორიულ პერიპეტიებს.

_ რომელი ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა აღნიშნული პროექტი?

_ პრეისტორიული ხანის ძეგლების სიღრმისეული კვლევისა და უახლესი ადამიანის საცხოვრებელი გარემოს აღსადგენად, ჩვენ, მკვლევრები, ტრადიციული არქეოლოგიური მეთოდების გარდა, აქტიურად ვიყენებთ საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგებს. სწორედ შესაბამის სპეციალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის არქეოლოგიურ კონტექსტთან შესაძლებელი შეჯერებით ხდება უძველესი წარსულის რეკონსტრუქცია. ამდენად, ხუცუბნის უძველეს მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების შესწავლა ვერ მიიღებდა სრულყოფილ სახეს, რომ არა ჩვენ მიერ გამოყენებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდი:

  1. მცენარის მტვრიანას ანალიზი (პალინოლოგია);
  2. ობსიდიანის გეოქიმიური ანალიზი (XRF და LA-ICP-MS მეთოდებით);
  3. რადიოკარბონული ანალიზი (C14 AMS).

პროექტით გათვალისწინებული აღნიშნული კვლევები განხორციელდა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში.  

ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აქტიური ურთიერთობა ვაწარმოეთ სსიპ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმთან, სადაც შესრულდა ხუცუბნის ნამოსახლარზე მოპოვებული მასალის ძირითადი კამერალური სამუშაოები (მასალის აღწერა: სტატისტიკური სიის შედგენა, ტიპოლოგიური ანალიზი; იარაღთა გრაფიკული და ფოტო ფიქსაცია; მასალის რესტავრაცია და სხვ.); ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმის თანადგომითა განხორციელდა პროექტთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საქმე. მათ შორის მომზადდა საპრეზენტაციო და საპუბლიკაციო მასალები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე შესწავლილ იქნა ხუცუბნის ნამოსახლარზე აღებული პალინოლიგიური ნიმუშები (სულ 47 ნიმუში). კვლევის ავტორია პალინოლოგი, დოქტ. მაია ჭიჭინაძე.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საველე არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართული იყო უცხოელი (უკრაინა, ისრაელი, სომხეთი) სპეციალისტები. ობსიდიანის არტეფაქტების გეოქიმიური კვლევა განხორციელდა მისურის უნივერსიტეტის რეაქტორის კვლევის ცენტრის არქეომეტრიის ლაბორატორიაში (აშშ). ხოლო ნამოსახლარზე მოპოვებული ხის ნახშირების კვლევა რადიოკარბონული მეთოდით (C14 AMS) განხორციელდა ვილნიუსის რადიოკარბონის ლაბორატორიაში (ლიეტუვა).

_  რას მოიცავს ობსიდიანის გეოქიმიური, პალინოლოგიური და რადიოკარბონული (C14AMS) ანალიზი?

_ ობსიდიანი ქვის სხვა ჯიშებთან ერთად (კაჟი, ბაზალტი, არგილიტი, რიყის ქვა და სხვ.) წარმოადგენს იმ აუცილებელ ნედლეულს, რომლისგანაც პირველყოფილი ადამიანი სხვადასხვა იარაღს (საფხეკი, საჭრისი, სახვრეტი, რეტუშირებული დანა, სატეხი, ისრისპირი და სხვ.) ამზადებდა. თუმცა, ობსიდიანი (ვულკანური მინა), ყველგან არ გვხვდება. მისი გავრცელება დაკავშირებულია ვულკანური წარმოშობის მთებთან, ე.ი. ობსიდიანის წყაროები მდებარეობს ისეთ ადგილებში, რომლებიც რამდენიმე მილიონი წლის წინ ვულკანური მოქმედების შედეგად წარმოიქმნა. კავკასიის ტერიტორიაზე ობსიდიანის არაერთი წყაროა  (საქართველო, ყაბარდო-ბალყარეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ თურქეთი) დადასტურებული. მაშინ როდესაც არქეოლოგიური გათხრების დროს, აღმოვაჩენთ ობსიდიასგან დამზადებულ არტეფაქტებს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რომელი შესაძლო წყაროდან შეიძლებოდა მოეტანა ობსიდიანი უძველეს ადამიანს? ამაზე მეცნიერული პასუხის გაცემა უკვე შესაძლებელია. კერძოდ, ობსიდიანის თითოეულ წყაროს გააჩნია თავისი უნიკალური ე.წ. ,,გეოქიმიური პორტრეტი“, რომლის შესწავლა და სხვადასხვა ქიმიურ ელემენტთა იდენტიფიცირება იძლევა უნიკალურ სურათს, თვალი ვადევნოთ უძველეს ადამიანთა მობილურობასა და კონტაქტებს. გამოდის, რომ ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, ამა თუ იმ ძეგლზე ობსიდიანის იარაღის ,,მოხვედრის“ მარშრუტი.

            პალინოლოგია ესაა საბუნებისმეტყველო მეცნერებათა დარგი, რომლის მიზანია, მცენარეთა მტვრიანის შესწავლით დაადგინოს უძველესი პალეოკლიმატური გარემო და იმდროინდელი ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში მცენარეების როლი (საკვები, სამეურნეო, სამკურნალო და სხვ.). ანალიზისთვის არქეოლოგიური თხრილის ჭრილებიდან და/ან ორმოებიდან სტანდარტული მეთოდების გამოყენებით სპეციალისტები იღებენ მიწის ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისათვის. სინჯების აღება ქვემოდან ზემოთ, ყოველ 2 სმ შორის, რაც იძლევა უნიკალურ საშუალებას მივიღოთ სრული პალინოლოგიური სვეტი. პალინოლოგიური ანალიზის დასრულების შემდეგ ზუსტად გაირკვევა თუ როგორი კლიმატი (თბილი, ზომიერი, ცივი) იყო გავრცელებული მოცემულ ტერიტორიაზე უძველეს დროს.

არქეოლოგიაში ძეგლთა გათხრების და არტეფაქტთა შესწავლის გარდა, არანაკლებ აუცილებელია გავიგოთ მისი ზუსტი ასაკი. არსებობს დათარიღების სხვადასხვა მეთოდები, რომელთაგან თანამედროვე არქეოლოგიაში განსაკუთრებით პოპულარულია რადიოკარბონული (C14 AMS) დათარიღება. ანალიზის მიზანია გაარკვიოს ძეგლის და/თუ არტეფაქტის თარიღი. კვლევა სრულდება როგორც ორგანულ, ისე არაორგანულ მასალაზე. ხუცუბნის შემთხვევაში ანალიზი ჩატარდა ხის დამწვარ ნახშირებზე, რომელმაც დაადგინა არტეფაქტის ,,გარდაცვალების“ დრო. აღსანიშნავია, რომ რადიოკარბონულ ანალიზებს ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან - ვილნიუსის რადიოკარბონის ლაბორატორიაში, რომელთანაც ბსუ-მ გასულ წელს ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ კვლევები  ხორციელდება ამაჩქარებლის მასის სპექტომეტრით, რომელიც საშუალებას იძლევა, მცირე ცდომილებით დაათარიღოს უმცირესი ზომის ნიმუშის ფრაგმენტი. ვილნიუსის რადიოკარბონის ლაბორატორია  ერთ-ერთი უსწრაფესი ლაბორატორიაა მსოფლიოში (კვლევები სრულდება 3-5 კვირაში), რომლის პერსონალი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული სპეციალისტებით, ხოლო საკუთრივ ლაბორატორია  აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით.

_ კვლევის შედეგად, რა სიახლეებს სთავაზობთ არქეოლოგიით დაინტერესებულ საზოგადოებას?

_ ჩვენი პროექტით განხორციელებული კვლევის შედეგად ვფიქრობთ, რომ გაიზრდება პრეისტორიული არქეოლოგიისადმი ინტერესი და გაფართოვდება კვლევის არეალი. კიდევ უფრო გაიზრდება ახალი მეთოდების გამოყენების შესაძლებლობები. ბათუმის უნივერსიტეტი გააგრძელებს აჭარის რეგიონის პრეისტორიულ ძეგლებზე მუშაობას, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ფუნქციების ინტეგრაციას, ხელი შეეწყობა რეგიონულ თანამშრომლობას ქვეყნის შიგნით, გაიზრდება საერთაშორისო ჩართულობაც.

პროექტით დაგეგმილი კვლევის შედეგები უმნიშვნელოვანესია კავკასიის და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის პრეისტორიაზე მომუშავე მკვლევართათვის. ამ უკანასკნელთა ინტერესი, პირველ რიგში, განპირობებულია დასავლეთ ამიერკავკასიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების მიმართ: ქვის ინდუსტრიის წარმომავლობა, მეურნეობა, პალეოკლიმატური გარემო, ადამიანთა მობილობა, აბსოლუტური თარიღები და სხვ.

პროექტის შედეგად უკვე დაფიქსირდა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე:

  • დადასტურდა პირველყოფილი ადამიანის მიერ სელის და კანაფის დამუშავების ფაქტი, რომელსაც იყენებდნენ ტანსაცმლის დასამზადებლად; პალინოლოგიურ ნიმუშებში აღმოჩნდა ვულკანური ფერფლის (ტეფრა) ნაშთები, რაც ჩვენი აზრით, აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ნემრუტ დაგის ვულკანის ფერფლი უნდა იყოს, რომელიც დაახლ. 11 000 წლის წინ ამოიფრქვა;
  • ზუსტად გავიგეთ ნამოსახლარის ფუნქციონირების ზუსტი ასაკი;
  • სპეციალური კვლევა ჩაუტარდა ობსიდიანის არტეფაქტებს, რამაც დაადგინა მათი წარმომავლობა და უძველესი მიგრაციები.

_ მდინარე კინტრიშის ხეობაში მცხოვრებ უძველეს მონადირე-შემგროვებელთა ისტორიული ფაქტების შესახებ ცოდნის გაღრმავების და გავრცელების მიზნით, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ?

_ კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალ ,,ქრონოსი“-ში უკვე გამოქვეყნდა მეტად საინტერესო სტატია ,,ფეიქრობის წარმოშობა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს უძველეს მცხოვრებთა საქმიანობა“. აღსანიშნავია, რომ „ქრონოსი“ არის მრავალპროფილიანი, რეცენზირებადი (Erih plus) ჟურნალი და აქვეყნებს ისტორიის, ეთნოლოგიის, ფიზიკური ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულებით შესრულებულ ორიგინალურ ნაშრომებს, რომლებიც ეხება საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ სამყაროს. ბუნებრივია, დაგეგმილი გვაქვს ხუცუბნის უძველესი პალეოგარემოს შესახებ ნაშრომის გამოქვეყნება იმფაქტფაქტორიან სამეცნიერო ჟურნალში. ფაქტობრივად, უკვე მომზადებულია სტატია გამოსაქვეყნებლად და მას სამეცნიერო საზოგადოება მალე იხილავს.

კვლევით მიღებული ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუწყო რადიოში არაერთმა სტუმრობამ, სადაც ჩვენი ჟურნალისტები ყოველთვის გვითმობდნენ ეთერს ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ სასაუბროდ. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვდებთ ინფორმაციებს ამა თუ იმ აღმოჩენის თუ მიგნების შესახებ. ვაწყობთ საჯარო ლექციებს რეგიონის სხვადასხვა საგანმანათლებლო სკოლებში და სხვ.

_ აჭარაში აღმოჩენილი პრეისტორიული ძეგლები ყოველთვის მიმზიდველია უცხოელი ტურისტისთვის. ამ მხრივ ხომ არ თანამშრომლობთ ტურიზმის დეპარტამენტთან?

_ ჩვენი უცხოელი ვიზიტორების ყურადღების არეალში საქართველო ბევრი მიზეზის გათვალისწინებით ხდება. მათგან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წარსულის ის დიადი მატერიალურ-კულტურული ძეგლებია, რომლითაც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა. პირველყოფილი ჰომო ერექტუსი - პირველი ევროპელის სამშობლო, ყველაზე ძველი ღვინო და მეღვინეები ქვემო ქართლიდან, ევროპის უძველესი მკერავები, უძველესი თაფლი და სხვ. მართალია მსგავსი ტიპის აღმოჩენა ჩვენს რეგიონში ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა, ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია უკანასკნელ მონადირე-შემგროვებელთა საცხოვრებელი გარემოს, მათი ყოფა-ცხოვრების, მეურნეობის და სხვ. საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღებაც. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, არაერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი სწორედ ტურიზმის სექტორთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად გადაქცეულა უმნიშვნელოვანეს ატრაქციად. ამიტომ ჩვენი მუშაობა სწორედ აღნიშნული მიმართულებითაც მიდის. აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტთან, როგორც სპეციალისტი-არქეოლოგი ვატარებთ ექსკურსიამძღოლებისთვის შემეცნებით-პოპულარულ ლექციებს ჩვენი რეგიონის უძველესი წარსულის შესახებ, საველე გათხრებში ხშირად ვმასპინძლობთ უცხოელ ტურისტთა ჯგუფს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ვლოერებთან (მათ შორის უცხოელ), რომლებიც შემდეგ თავიანთ გამომწერებს აძლევენ რეკომენდაციას მოინახულონ ესა თუ ის არქეოლოგიური ველი. უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა დიდად შეუწყო ხელი პრეისტორიული კვლევის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას.

_ და ბოლოს, რომ გვითხრათ პროექტით დაგეგმილი კვლევის შედეგები რამდენად მნიშვნელოვანია  პრეისტორიაზე მომუშავე მკვლევრებისთვის, არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის და ამავე მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის?

_ ბუნებრივია, კვლევის შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია ერთიანად სასარგებლო იქნება არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტებისთვის და აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის. პირველ რიგში, მათი ინტერესი განპირობებულია ახალი აბსოლუტური თარიღების მიმართ, რომელიც მკვლევრებს საშუალებას მისცემს თავიანთ კვლევებში გამოიყენონ იგი და ამით კიდევ უფრო გაიმყარონ თავისი შეხედულებები. ადრეჰოლოცენის ხანის (ძვ.წ. X-VII ათასწლეული) პალეოკლიმატური პირობებისა და მცენარეული საფარის შესახებ ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვან სურათს მისცემს დარგის სპეციალისტებს. უძველესი ადამიანის მობილურობისა და კონტაქტების შესასწავლად უმნიშვნელოვანესი წყარო იქნება ობსიდიანზე ჩატარებული კვლევის შედეგები. იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს ახლადმიღებული ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას, ამისთვის აუცილებელია მისი გამოქვეყნება სხვადასხვა საერთაშორისო ბაზებში ინდექსირებულ (ELSEVIER, Erih Plus) ჟურნალებში.

უახლესი ინფორმაციის გავრცელებას ხელს შეუწყობს სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებებზე მონაწილეობა. აქვე სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ  ბსუ-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის - ,,უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა აკადემიური პერსონალისთვის" ფარგლებში ჩვენ შეგვეძლება მონაწილეობა მივიღოთ პოლონეთის ქ. პოზნანში გამართულ ისეთ საერთაშორისო ფორუმზე, როგორიცაა: ,,ახალგაზრდა მეცნიერ-არქეოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ (PYRAC-2024).

რა თქმა უნდა, ცოდნის გავრცელების ტრანსფერი აუცილებლად უნდა მოხდეს სტუდენტებთან სააუდიტორიო მუშაობის ფარგლებში, თუმცა, არანაკლებ მნიშნელოვანია საველე არქეოლოგიურ გათხრებში სტუდენტ-ახალგაზრდების ჩართვა. მისასალმებელია, რომ ჩვენ მიერ წარმოებულ ექსპედიციებში აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდები. მათი რიცხვი საბედნიეროდ, თანდათან, იზრდება. ზოგიერთმა მათგანმა (განსაკუთრებით გამოვყოფთ ბსუ-ს ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტებს - ნიკა მჟავანაძეს და ლუკა დუმბაძეს) საბაკალავრო ნაშრომად აირჩია ქვის ხანა და ბუნებრივია, დაგეგმილია აქვთ სწავლის გაგრძელება არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ საფეხურებზე სპეციალობის სიღრმისეული დაუფლებისთვის.

ვფიქრობთ, რომ  ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ძალიან მალე მივიღებთ მოტივირებულ, სწავლისადმი დაინტერესებულ და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს, რომლებიც არაერთ მნიშნელოვან საქმეს ჩაუყრიან საფუძველს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა