
ლიზი დიდმანიძე და ლუნა დიასამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები არიან. გოგონები ფიქრობენ, რომ სტუდენტური ცხოვრება მხოლოდ ლექცია-სემინარებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. თანაკურსელები აქტიურად არიან ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში. მიმდინარე წელს გამართულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში გოგონებმა ერთობლივი ნაშრომით _ “მომხმარებელლთა ქცევის თანამედროვე ტენდენციები”, პირველი ადგილი მოიპოვეს.
ლიზი დიდმანიძე: “ვარ საკმაოდ აქტიური და კომუნიკაბელური პიროვნება, მარტივად შემიძლია უცხო სიტუაციებთან ადაპტირება, მიყვარს სიახლეები, შესაბამისად, ვფიქრობ ამ თვისებებმა განაპირობა ის, რომ ჩემი აკადემიური ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. ვარ მონაწილე არაერთი სტუდენტური პროექტისა და ჩემი სტუდენტობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექცია-სემინარებით. ეს აუცილებელიცაა, რადგან სტუდენტმა ცოდნის მიღებასთან ერთად უნდა დააგროვოს ის სოციალური კაპიტალი, რაც დაეხმარება პიროვნულ ზრდაში. ვარ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და კლუბ რუსთაველის აქტიური წევრი, გუნდთან ერთად ვთამაშობ ინტელექტუალურ თამაშს “რა? სად? როდის?”, ლუნა ჩემი თანაგუნდელია აქაც. ამასთან 2024 წელს მონაწილეობა მივიღე არაერთ გასვლით ღონისძიებასა თუ ბანაკში, როგორიცაა ანაკლიის ბანაკი, ტური სვანეთში, ტაო კლარჯეთში და ა.შ, რომლებიც საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის და თითოეული მონაწილისთვის. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ორმაგი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის და ლუნასთვისაც, რადგან ჩვენ მონაწილეებიც ვიყავით და ორგანიზატორებიც სხვადასხვა სექციაში. მოუთმენლად ველოდით როგორც პირველი ტურის შედეგების გაგებას, ასევე საპრიზო ადგილების გამოვლენას, ორივე მათგანი ჩვენთვის სასიხარულო აღმოჩნდა, ვგრძნობდით ერთდროულად სიამაყესა და ბედნიერებას, რადგან ჩვენი შრომა ნაყოფიერი გამოდგა.
მინდა აღვნიშნო, რომ ვარ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, ვღებულობ სახელმწიფო სტიპენდიას. ასევე, დიდი პატივია, რომ ვარ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიანტი, რაც ჩემთვის დამატებითი სტიმულია განათლების მიღებისა და განვითარების გზაზე.
ჩემს აკადემიურ საქმიანობაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამეცნიერო ნაშრომმა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიკავა. ეს წარმატება ჩემთვის არა მხოლოდ პრესტიჟულია, არამედ მოტივაცია, კიდევ უფრო აქტიურად და შედეგიანად ვიმუშაო სამეცნიერო სფეროში.
სწავლის პროცესში დიდად მეხმარება სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სწავლას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, რადგან პროგრამა სრულად უფასო არ არის.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაქვს შესაძლებლობა, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავემგზავრო საზღვარგარეთ სასწავლებლად, რაც ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილების და პიროვნული განვითარების შესაძლებლობა იქნება.
ლუნა დიასამიძე: ჩემი აზრით, სტუდენტური ცხოვრება არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექცია-სემინარებით, უნივერსიტეტის პერიოდში სტუდენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არაერთ პროექტში, რადგან ჰქონდეთ მრავალფეროვანი და კრეატიული სტუდენტობა და სწორედ ჩემმა ინტერესმა განაპირობა კონფერენციაში მონაწილეობა. ასევე ვმონაწილეობ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის“? ჩემი თანაგუნდელი კი არის ლიზი. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ვარ სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი და ყველა სტუდენტს ვურჩევდი რომ გაწევრიანდეს ამ დიდ ოჯახში. ძალიან მიყვარს პოეზია და ეს ნათლად აისახება ჩემს ონლაინ სივრცეებში, რადგან ვარ მოყვარული პოეტი, ვწერ ლექსებს და არაერთხელ გამიმარჯვია მსგავს კონკურსებში. სტუდენტმა არ უნდა იფიქროს მხოლოდ ბარიერის გადალახვაზე, ადამიანმა საკუთარი თავის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ყველაფერში და არა მარტო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობა დიდ ემოციას იწვევს ჩემში. მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ ვყოფილვარ, შედეგების ლოდინი კი საუკუნედ გვეჩვენება, თუმცა ეს შრომა ჩემთვისაც და ლიზისთვისაც ნაყოფიერი აღმოჩნდა
ჩემი აკადემიური მიღწევებიდან ერთ-ერთია ოქროს მედალი. ასევე უნივერისტეტში მოვიპოვე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება. კონფერენციაში პირველ ადგილზე გამარჯვება კი _ ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემთვის. ასევე ვარ მწერალთა კავშირში გაწევრიანებული და ბევრი ლექსის ავტორი.
წარმატებული თანაკურსელები გაზეთ “ბათუმის უნივერსიტეტთან” სამეცნიერო ნაშრომის ზოგიერთი ასპექტის შესახებ საუბრობენ.
_ როგორია მომხმარებელთა ქცევის ძირითადი ცვლილებები ბოლო ათწლეულის განმავლობაში?
_ მომხმარებლები დღეს უფრო ინფორმირებულები და მომთხოვნი გახდნენ, აქტიურად ადარებენ ფასებს, ეძებენ მიმოხილვებს და ელიან სწრაფ და პერსონალურ მომსახურებას.
_ რა გავლენა მოახდინა ციფრულმატექნოლოგიებმა და სოციალური მედიის ზრდამ მომხმარებელთა შესყიდვის გადაწყვეტილებებზე?
_ ციფრულმა ტექნოლოგიებმა და სოციალური მედიის განვითარებამ შეცვალა მომხმარებელთა ყიდვის პროცესი — ისინი წინასწარ ეცნობიან პროდუქტის მახასიათებლებს, კითხულობენ სხვების შეფასებებს და გავლენიანი პირების რეკომენდაციებს. შედეგად, გადაწყვეტილებები უფრო გააზრებული და ინფორმირებულია, ხოლო კომპანიები იძულებული არიან მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური ომუნიკაცია დაამყარონ.
3. როგორ მოქმედებს თაობათა ცვლილება (მაგ. მილენიალები, Z თაობა) მომხმარებელთა ქცევაზე?
_ მილენიალები ენდობიან დეტალურ კვლევასა და მომხმარებელთა გამოცდილებას;
- Z თაობა ემოციურ კავშირს, სწრაფ კომუნიკაციასა და პერსონალიზაციას ანიჭებს უპირატესობას;
- ორივე თაობა ითხოვს სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდებს, თუმცა გამოხატვის ფორმები განსხვავებულია.
_ როგორია თანამედროვე ბაზარზე მომხმარებელთა დამოკიდებულება ბრენდულ ლოიალობაზე ?
_ თანამედროვე ბაზარზე მომხმარებელთა ლოიალობა ბრენდის მიმართ უფრო ნაკლებად სტაბილურია. ისინი ხშირად ირჩევენ ბრენდებს ფასის, ხარისხის, გამოცდილებისა და ფასეულობების შესაბამისობის მიხედვით. მაღალი კონკურენციისა და არჩევანის სიმრავლის პირობებში, მომხმარებლები სწრაფად ცვლიან უპირატესობას, თუ ბრენდი ვერ აკმაყოფილებს მათ მოლოდინს. ლოიალობის შესანარჩუნებლად ბრენდებს უწევთ მუდმივი ინოვაციები, აქტიური კომუნიკაცია და პერსონალიზებული მიდგომა.
_ რა როლი აკისრია მონაცემთა დაცვასა და კონფიდენციალურობას მომხმარებელთა ნდობის ჩამოყალიბებაში?
_ მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებელთა ნდობის ფორმირებაში. როცა კომპანიები პასუხისმგებლობით ეკიდებიან პერსონალური ინფორმაციის დაცვას, ეს ზრდის მომხმარებლის უსაფრთხოებისა და პატივისცემის შეგრძნებას. პირიქით — მონაცემთა გაჟონვა ან ბოროტად გამოყენება იწვევს ნდობის დაკარგვას და უარყოფით გავლენას ახდენს ბრენდის რეპუტაციაზე. ამიტომ, მონაცემთა დაცვა თანამედროვე ციფრულ ბაზარზე მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის საფუძველია.
_ რა ტენდენციებია შესამჩნევი მომხმარებელთა ქცევაში პოსტპანდემიურ პერიოდში?
პოსტპანდემიურ პერიოდში მომხმარებელთა ქცევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:
- ციფრული შოპინგის ზრდა – ონლაინ შესყიდვები გახდა უფრო პოპულარული და კომფორტული ალტერნატივა ტრადიციული სავაჭრო ფორმების მიმართ.
- ჯანმრთელობაზე ორიენტაცია – მომხმარებლები აქტიურად ირჩევენ ჯანმრთელ პროდუქტებსა და სერვისებს;
- ლოკალური ბრენდების მხარდაჭერა – გაიზარდა ინტერესი ადგილობრივი წარმოებისადმი და მცირე ბიზნესების მიმართ;
- ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი – მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ბრენდებს, რომლებიც იჩენენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ეთიკურობას;
- ეკონომიური მიდგომა – გაიზარდა ფასისადმი მგრძნობელობა და მოთხოვნა ფასის/ხარისხის ბალანსზე.
ეს ტენდენციები მარკეტინგს უფრო ადამიანსა და ღირებულებებზე ორიენტირებულს ხდის.
_ როგორ აისახება ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობა მომხმარებელთა არჩევანზე?
_ ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობა მომხმარებელთა არჩევანზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას იწყებს. თანამედროვე მომხმარებლები უფრო ხშირად ირჩევენ ბრენდებს, რომლებიც:
- ზრუნავენ გარემოზე (მაგ. იყენებენ ეკო-მეგობრულ შეფუთვას, ამცირებენ ნარჩენებს);
- გამოხატავენ სოციალურ პასუხისმგებლობას (მაგ. მხარდაჭერენ სამართლიან შრომის პირობებს ან ადგილობრივ თემებს);
- ღიად და გამჭვირვალედ აცნობებენ თავიანთ ქმედებებს საზოგადოებას.
ამგვარად, ბრენდის ღირებულებები და ეთიკური მიდგომა სულ უფრო ხშირად ხდება ყიდვის გადაწყვეტილების გადამწყვეტი ფაქტორი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.
_ როგორია ონლაინ შოპინგის ზრდის გავლენა ტრადიციული სავაჭრო სივრცეების ინტერესზე?
_ ონლაინ შოპინგის ზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ტრადიციული სავაჭრო სივრცეების მიმართ ინტერესი. მომხმარებლები ხშირად ირჩევენ ინტერნეტ-მაღაზიებს კომფორტულობის, დროის ეკონომიისა და ფართო არჩევანის გამო. ამის შედეგად:
- შემცირდა ფიზიკურ მაღაზიებში ვიზიტების რაოდენობა;
- ტრადიციულმა მაღაზიებმა დაიწყეს ციფრულ პლატფორმებზე გადასვლა;
- გაიზარდა მოთხოვნა ჰიბრიდულ მოდელებზე (მაგ. "შეუკვეთე ონლაინ – აიღე ადგილზე").
თუმცა, ტრადიციული სივრცეები ინარჩუნებენ მნიშვნელობას იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ პროდუქტის ფიზიკური ნახვა ან პირადი გამოცდილება შესყიდვამდე.
_ იცვლება თუ არა მომხმარებელთა ქცევა განსხვავებულ გეოგრაფიულ და კულტურულ კონტექსტებში?
_ დიახ, მომხმარებელთა ქცევა მნიშვნელოვნად იცვლება გეოგრაფიული და კულტურული კონტექსტების მიხედვით. სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია ღირებულებები, მოლოდინი, შეძენის სტილი და პროდუქტებზე მოთხოვნა. მაგალითად:
- კულტურული ტრადიციები გავლენას ახდენს ბრენდების აღქმასა და რეკლამირების ფორმებზე;
- ეკონომიკური დონე განსაზღვრავს ფასისადმი მგრძნობელობას;
- სოციალური ნორმები გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (მაგ. ინდივიდუალური vs კოლექტიური არჩევანი);
- ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს ონლაინ ქცევის დონეს.
ამიტომ კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ მახასიათებლებზე მორგებული სტრატეგიების გამოყენება.
უკან |