
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბსუ-ს რექტორმა, ტიტე აროშიძემ და გაეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მოაწერეს. შეთანხმება მიზნად ისახავს იძულებითი გადაადგილების, ლტოლვილთა დაცვისა და ლტოლვილებთან ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
შეთანხმების ფარგლებში, უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში ლტოლვილთა სამართლის კურსი შევა, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან საკითხში და შეისწავლონ იძულებითი გადაადგილების სამართლებრივი და ადამიანის უფლებების ასპექტები. ამ ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით, UNHCR-მა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ლტოლვილთა სამართლის სახელმძღვანელოები გადასცა.
შეხვედრას ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და UNHCR-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, UNHCR-ის წარმომადგენელმა კემლინ ფურლიმ, საჯარო ლექცია წაიკითხა გლობალური გადაადგილების შესახებ.
უკან |