
2025 წლის 2-4 ივლისს, Erasmus+ საგრანტო პროექტის "Security Education Center for Unified Resilience and Effective Communications - SECURE" კონსორციუმის წარმომადგენლები პროექტის პროგრესის შეჯამებისა და მომავალი ეტაპების განსაზღვრის მიზნით, შეიკრიბნენ ლიტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KTU).
ბათუმის უნივერსიტეტიდან ვიზიტში მონაწილეობდა პროექტის მკვლევარი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე და მკვლევარი/ტექნიკური პერსონალი, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გიორგი იმნაიშვილი.
SECURE პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოსა და უკრაინაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერება უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის სასწავლო პროგრამების განვითარება, პროფესიული გადამზადება და ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
შეხვედრის მთავარი შედეგები:
-
განიხილეს ინოვაციური საგანმანათლებლო და კვლევითი ჰაბის შექმნის სტრატეგია, რომელიც თითოეულ მონაწილე ქვეყანაში მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ ვირტუალურ ლაბორატორიას მომავლის ქსელური ტექნოლოგიების (5G და სხვა) განვითარებისთვის.
-
შემუშავდა და დამტკიცდა ოთხი ინოვაციური სასწავლო კურსის სილაბუსი.
-
შემუშავდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული გადამზადებისა და ტრენინგების რუკა, სადაც განისაზღვრა ამოცანები, ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები.
-
შეფასდა პროექტის დისემინაციის აქტივობები, განხილულ იქნა მიღწეული შედეგები და დაიგეგმა მომავალი საკომუნიკაციო სტრატეგიები.
შეხვედრა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პროექტის მიზნების წარმატებით განხორციელებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით კიბერუსაფრთხოების განათლების სფეროში.